“აბსოლუტური უმრავლესობა იმ ზრდის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ FDI-ში, არის ქართული კომპანიები” – ამის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ბიზნეს მედიებთან ინტერვიუში განაცხადა.

ის თვლის, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების ზრდაში წვლილი ისევ ქართულ კომპანიებს შეაქვთ, რომლებიც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ვერ იხსენებს ბოლო პერიოდში რომელიმე დიდ ინვესტორს, რომელიც უცხოური კაპიტალით საქართველოში ინვესტირებას აპირებს.

„საქართველოში უცხოური ინვესტიციები ძალიან ცოტა იყო ყოველთვის. როცა თქვენ უყურებთ ე.წ FDI-ს, ესენი ყველა, ძირითადად, აბსოლუტური უმრავლესობა იმ ზრდის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის ქართული კომპანიები. ჩვენი ბევრი კომპანია არის ნიდერლანდებში დაფუძნებული, ერთი დიდი კომპანია ჩვენი არის ამერიკაში დაფუძნებული, საქართველოს ბანკი და თიბისი ორივე ინგლისშია დაფუძნებული, ანუ თქვენ შეგიძლიათ მითხრათ ბოლო დიდი უცხოური ინვესტიცია ბოლო 5 წელიწადში ან ბოლო 10 წლის განმავლობაში?! თუ ვერ მისახელებთ, არ ყოფილა და ამიტომ კლებაც ვერ იქნებოდა”, – აცხადებს ირაკლი რუხაძე.

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7,7%-ით, 179.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თუ FDI-ის ბოლო 10 წლის დინამიკას შევხედავთ, ამაზე ნაკლები უცხოური ინვესტიცია მხოლოდ პანდემიურ 2020-2021 წლებში იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *