რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა. გამყიდველი კომპანია “რიყე დომის” და მყიდველი “მაქრო ფროფერთის” დირექტორი “ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ბარვენაშვილის 9 კომპანიის მმართველი მიხეილ ტყეშელაშვილია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2024 წლის 7 მარტიდან, ანუ გადეპუტატებიდან 1 თვის შემდეგ ტყეშელაშვილი ბარვენაშვილის მინდობილი პირი შემდეგ კომპანიებში ხდება:
ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტში მინდობილობა 8 თვით იყო გაფორმებული, თუმცა როგორც ჩანს, “ოცნების” დეპუტატმა მეორე ვადის შემდეგ გაახანგრძლივა დრო და რეესტრში წილების მმართველი კვლავ მიხეილ ტყეშელაშვილია.
bm.ge ტყეშელაშვილი დაუკავშირდა კითხვებით, რა კავშირი აქვს გარიგებას დეპუტატ ბარვენაშვილთან და როგორ მოხდა, რომ გამყიდველი და მყიდველი კომპანიის დირექტორი ორივე შემთხვევაში თავადაა. ის ჩვენს ზარებს როგორც წესი არ პასუხობს, ამიტომ მივწერეთ. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით დეპუტატს მისი თანაშემწის მეშვეობით, პასუხი ამ შემთხვევაშიც არ მიგვიღია. უკუკავშირის შემთხვევაში BM.GE მკითხველს მათ პოზიციას შესთავაზებს.
ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, “მაქრო ფროფერთი” იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი “რიყის დოქების” ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია “რიყე დომის” წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.
2025 წლის 21 მაისს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.
რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.
რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.