პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებებისა და საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება შედის კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“.
ახალი რეგულაციის თანახმად, პარტიები ყოველი თვის განმავლობაში მიღებული შემოწირულებებისა და განხორციელებული საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციას ბიუროს წარუდგენენ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებასა და მისი უფლებამოსილებების პროკურატურისთვის გადაცემას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებამ 20 კანონში გამოიწვია ცვლილება, მათ შორის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონშიც.
“ოცნების” პარლამენტმა აღნიშნული საკითხი დღეს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.