რაჭაში, ონის ცენტრში ახალი სასტუმრო „ნოველა“ იხსნება. რეგიონში კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტი, 5 მლნ ლარის ინვესტირებით, პირველ სტუმრებს ივლისიდან მიიღებს, თუმცა კომპანიაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.

16-ნომრიან სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა.

„მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი ხარისხით, და აბსოლუტურად სტანდარტიზებული სერვისით“, – ამ იდეით იწყებენ რაჭაში, ტურიზმში ბიზნესს კომპანიის დამფუძნებელი დავით არჩვაძე და მმართველი პარტნიორი თენგო ჭუმბაშვილი.

„სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი, სრული ტექნიკური უზრუნველყოფით კიდევ ერთი რესურსია შემეცნებითი პროექტების განსახორციელებლად.
გარდა ჩვენთან სტუმრობისა და ამ გამოცდილების მიღებისა, ბისტრო აძლევს საშუალებას საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯის მფლობელებს, რომ საკუთარ სტუმრებს ახალი/დამატებითი სერვისი – კვება შესთავაზონ. სრულყოფილი საუზმე, რომელიც “ნოველასთან” თანამშრომლობით მათთვის მარტივად მიღწევადი ხდება“, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.

BM.GE კომპანიის დამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს თენგო ჭუმბაძეს ესაუბრა. მისი თქმით, „ნოველას“ პირველ ეტაპზე, რეგიონში მაღალი სტანდარტის სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების შეთავაზება უნდა, რათა უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლისთვის დასვენება კომფორტული იყოს.

„ონში, სასტუმრო კომპლექსის გაკეთების იდეა იქიდან გაჩნდა, რომ რაჭაში ბრენდირებული სასტუმროების ნაკლებობაა. დამფუძნებლებმა ამ წლების განმავლობაში დაგროვილი რესურსი, ინვესტიცია და გამოცდილება რაჭისკენ მივმართეთ. გვინდა, ჩვენთან განთავსების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც უცხოელ ტურისტს, ასევე ადგილობრივებს. ასევე გვინდა, სტუმრებს კვების ფართო ხაზი შევთავაზოთ, რაც ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვანი მენიუთი იქნება წარმოდგენილი. ამით, რეგიონში კვების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოსწორებას შევეცდებით. გარდა ჩვენთან სტუმრობისა და ამ გამოცდილების მიღებისა, ბისტრო აძლევს საშუალებას საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯის მფლობელებს, რომ საკუთარ სტუმრებს ახალი/დამატებითი სერვისი – კვება შესთავაზონ. სრულყოფილი საუზმე, რომელიც „ნოველასთან“ თანამშრომლობით მათთვის მარტივად მიღწევადი ხდება.

გვინდა, ჩვენს სტუმრებს განთავსების კომფორტული შესაძლებლობა შევთავაზოთ, რაშიც მოიაზრება ტურისტული ჯგუფებისთვისა და სააგენტოებისთვის ჯგუფური განთავსების შესაძლებლობა. ამ გათვლით შევიმუშავეთ პროექტი, რათა რაჭაში დასვენების მსურველთა მოთხოვნები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა. ამგვარად, ჩვენ სტუმრებს მაქსიმალურად კონვერტირებად ოთახებს ვთავაზობთ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 16-ოთახიანი სასტუმრო თავისი კომპლექსური სივრცით, შეთავაზებებითა და მომსახურებით 3-4-ვარსკვლავიანი იქნება“, – აღნიშნავს თენგო ჭუმბაშვილი.

სასტუმროს დამფუძნებლებისთვის ბიზნესის წარმოებისას ადგილობრივების დასაქმება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ კომპანიის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ დასაქმებულებ 99% ადგილობრივები იქნებიან. წლის ბოლომდე სასტუმრო 50 სამუშაო ადგილს შექმნის.

„ნოველას“ მთელი გუნდი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტი ადგილობრივი კადრების გადამზადება/მომზადებაა, რაც გულისხმობს სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული საქმის პროფესიონალურ დონეზე სწავლებას და პრაქტიკული ნაწილით უზრუნველყოფას დაინტერესებული ადამიანებისთვის. აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ადგილობრივი რესურსის მაქსიმალური ჩართულობა და რაჭველი ახალგაზრდების წახალისებაა, აკეთონ ღირსეული საქმე საკუთარ რეგიონში, ჰქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება და ჯანსაღი სამუშაო გარემო“, – აღნიშნა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა.

ივლისიდან წლის ბოლომდე სასტუმროს დამფუძნებლები 3 000-დან 5 000-მდე მომხმარებლის მიღებას გეგმავენ, 2026 წელს კი ამ რიცხვის გაორმაგება სურთ, რაც მათივე თქმით, რაჭისთვის უპრეცენდენტო, მათთვის კი ამბიციური გეგმაა.

გვინდა, რაჭაში MICE ტურიზმი აქტიურად განვავითაროთ, რადგან რეგიონში საქმიანი და საკონფერენციო სივრცეების ნაკლებობაა. ამიტომ სასტუმრო „ნოველას“ პროექტი 40 ადამიანზე გათლილ საკონოფერენციო სივრცესაც მოიცავს, რომელიც თიმბილდინგებისთვის, ვორქშოპებისთვის და ტრენინგებისთვის იქნება განკუთვნილი“, – ამბობს თენგო ჭუმბაშვილი.

მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, განთავსების ღირებულებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს, თუმცა მათი გათვლებით ერთი ღამის საფასური დაახლოებით 300-დან 500 ლარამდე იქნება.

„რაჭა პროჯექტ მენეჯმენტში“ სასტუმროს გახსნის შემდეგ პროექტის განვითარებაზეც მუშაობენ, რისთვისაც დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებენ. მომავალი წლიდან სასტუმროს აუზიც შეემატება, თუმცა პროექტის განვითარება ამით არ შემოიფარგლება და პროექტები, სტუმრების მოთხოვნიდან გამომდინარე შემუშავდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *