რუსეთის პრეზიდენტმა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვის აკრძალვა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც საფასო ჭერის დაწესებას დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილება ეხება ძირითადად დიდი შვიდეულის (G7) და ევროკავშირის ქვეყნებს. 2022 წელს სწორედ ისინი შეთანხმდნენ რუსულ ურალსზე საფასო ჭერი დაწესებულიყო.

თავის მხრივ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ახალი საფასო ჭერის დაწევა სურს, რათა კრემლს უკრაინაში ომის გაგრძელების გაურთულდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დასავლეთს რუსულ ნავთობზე ფასის 60-დან 45 დოლარამდე დაწევა შესთავაზა. რუსულ ურალსზე საფასო ჭერი დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დააწესეს. ფასის ფიქსირების მიზეზი ენერგორესურსებზე დამოკიდებული რუსეთისთვის შემოსავლების კლება იყო. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში ნავთობზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და ბარელის ღირებულება 60 დოლარს ისედაც ჩამოცდა, რის გამოც საფასო ჭერმა აზრი დაკარგა. მაგრამ მას შემდეგ ბრენტის ფასი ისევ გაიზარდა და ბარელზე დაახლოებით 67 დოლარს მიაღწია.

ევროკომისიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საფასო ჭერის შემცირებით სანქცია თავდაპირველ ეფექტიანობას დაიბრუნებს. მისივე თქმით, ნავთობის საექსპორტო შემოსავლები რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების ერთ მესამედს შეადგენს, რის გამოც “საჭიროა, ამ რესურსების შემცირება”. მიუხედავად იმისა, რომ ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ საფასო ჭერის შემცირებას მხარს G7-ც დაუჭერს, მაინც გაურკვეველია აშშ-ის პოზიცია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების გაძლიერებას.

19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას, ჯერჯერობით, არ აპირებს, რადგან ომის შესაწყვეტად პროგრესის შანსი არსებობს. ტრამპი პუტინს 4 ივნისსაც ესაუბრა და როგორც საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, მასთან კარგი საუბარი ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით მშვიდობაზე შეთანხმება გამორიცხა. არადა სენატში რესპუბლიკელების ლიდერობით უკვე მომზადებულია ორპარტიული მხარდაჭერის მქონე კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტისგან მწვანე შუქს ელოდება. საუბარია რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის და დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე. პროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედებას ითვალისწინებს: 500%-იანი გადასახადის დაწესებასაც იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *