დარგობრივმა კომიტეტმა მოქალაქეებს „სამშენებლო ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე უარი უთხრა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „სამშენებლო ომბუდსმენის“ ინსტიტუტის შემოღების შესახებ მოქალაქეების საკანონმდებლო ინიციატივაზე უარყოფითი დასკვნა მიიღო. შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზე კომიტეტის თავმჯდომარის, “ქართული ოცნების” დეპუტატისა და დეველოპერულ სექტორში მოქმედი კომპანიების წილების მფლობელის შოთა ბერეკაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ზურაბ ვანიშვილმა, ზურაბ ღლონტმა, ბესიკ ქათამაძემ და როლანდ კოჩოძემ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატს სამშენებლო სექტორში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით “სამშენებლო ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღების შესახებ საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მაისის დასაწყისში მიმართეს. მოქალაქეები კანონმდებლებს სთავაზობენ მიიღონ „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ კანონი. ამის აუცილებლობის წინაპირობად კი მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში მასშტაბურ დარღვევებს ასახელებენ.
საკანონმდებლო ინიციატივა 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს განსახილველად გადასცა, რომელმაც ინიციატივა 2025 წლის 4 ივნისის სხდომაზე განიხილა. დასკვნაში უარყოფითი პასუხის რამდენიმე მიზეზია დასახელებული, მათ შორის ის, რომ სამშენებლო სექტორში ადამიანების უფლებებს ომბუდსმენი იცავს, ხოლო კანონით სამშენებლო ნორმების დარღვევებით შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება დაუშვებელია.
„საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით, სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში შეინიშნება დარღვევები. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორში გასაუმჯობესებელია გამჭვირვალობა, საჭიროა უფრო მკაფიო წესების შემოღება და შენობების ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმების გაუმჯობესება.
დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზად, ავტორები სამშენებლო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას და „სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“ კანონის მიღებას მიიჩნევენ.
საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები დარეგულირებულია სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსით და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია სამშენებლო ნორმების დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორში ადამიანთა უფლებების დაცვას, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებას.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესიკ ქათამაძის და როლანდ კოჩოძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,სამშენებლო ომბუდსმენის შესახებ“, – წერია კომიტეტის დასკვნაში.