საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა; ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ძალიან სამწუხაროა და ერთგვარად შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის ის შეფასებები, რაც მოვისმინეთ პოლონეთის მხრიდან.
“არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება და უვიზო მიმოსვლასთან მსგავსი საკითხების დაკავშირება. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ისიც კარგად ვიცით, რომ ამ თემით ძალიან ხშირად სპეკულირებს ოპოზიცია და იბრძვის იმისთვის, რომ ბრიუსელში გამოიყენონ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო ჰგავს პოლონეთის მხრიდან. ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაზე მუშაობს დიდი ხანია ოპოზიცია და თავის დროზე ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ ვიცით, რომ არ ჰყავს ამ საკითხს ბევრი მხარდამჭერი ბრიუსელში, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს საკითხი გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მითუმეტეს როდესაც ოპოზიციას არანაირი რესურსი აღარ აქვს ქვეყნის შიგნით. ეს არის ის საკითხები, რასაც იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, პოლონეთის მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების შესაძლო ინიციირებასთან დაკავშირებით.