დიპლომატი, Economic Policy Research Center-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი გაცილებით სერიოზულად დგას, ვიდრე აქამდე გვეგონა. მან ამის შესახებ BMG-სთან, პოლონეთის პრემიერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტუსკის თქმით, მისი მთავრობა EU-ის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მრავალი თვეა განხილვის საგანია, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია.

“ვფიქრობ, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება სერიოზულად განიხილება ევროკავშირში. ეს არ არის პირველი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ ბოლო თვეების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ამის ალბათობა არსებობს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სრულიად ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკა “ქართული ოცნების” მხრიდან, ამის ალბათობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება. ამჟამად, მე ვფიქრობ, რომ საკითხი გაცილებით უფრო სერიოზულად დგას ვიდრე ჩვენ აქამდე შესაძლებელი გვეგონა. ტუსკის განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა რეალურად აპირებს დაიწყოს ხმების მობილიზება იმისათვის, რომ საქართველოს შეუჩერდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და თქვენ იცით, რომ ამისათვის აუცილებელია მარტივი უმრავლესობა, ანუ 15 ქვეყანა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან, რის შემდეგაც მოხდება შეჩერება 9 თვის ვადით, ხოლო შემდეგ ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება შესაბამისად მიღწეული პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. რას ნიშნავს ეს პროგრესი, ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ჩემთვის არ არის ცნობილი რომელიმე ქვეყანას შეჩერებოდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და მერე რაღაც გარემოებების გათვალისწინებით მომხდარიყოს ამის უკან დაბრუნება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ახლა ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ რეალურად შეიძლება საქართველომ დაკარგოს უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ეს არის ევროკავშირში და შენგენის ზონაში თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს იქნება ყველაზე დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და რეალურად შეუზღუდავს ჩვენს მოქალაქეებს ამ თავისუფლებას, რომლითაც 2017 წლიდან ვსარგებლობთ”,- ამბობს გიგი გიგიაძე.

მისი განცხადებით, იმისათვის რომ ამ საფრთხის წინაშე არ დავდგეთ, დაუყოვნებლივ უნდა ჩავატაროთ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

“უნდა გამოვუშვათ პოლიტპატიმრები, შევწყვიტოთ ადამიანების დევნა, შევწყვიტოთ თავისუფალი მედიასაშუალებების დევნა და დავუბრუნდეთ დასავლეთთან, ევროპასთან ნორმალური ურთიერთობის რეჟიმს.

მათთვის, ვინც არ იცის, რას ნიშნავს უვიზო რეჟიმის გაუქმება, მინდა ვუთხრა, რომ ამის შემდეგ იქნება ურთულესი პროცესი რომელიმე შენგენის წევრ ქვეყანაში ვიზის მიღება. მოუწევთ რიგებში დგომა, მათ მოუწევთ უარის მიღებაც, ხშირ შემთხვევაში და ეს პროცესი გაიწელება დროში ძალიან დიდი ხნით. მე არ მინდა ამ ეტაპზე ვისაუბრო იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს რეალურად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეწყვეტის შემთხვევაში, ანუ ეს მოხდება, ეს იქნება უდიდესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რაღაც სახის ბიზნესს აწარმოებდნენ ევროპაში, ევროპის ქვეყნებთან და სარგებლობენ ამ თავისუფლებით, რათა მოახდინონ საკუთარი ასე ვთქვათ ბიზნესის დაწყება, საკუთარი კომპანიის ევროპაში გაცნობა და ასე შემდეგ”,- ამბობს გიგი გიგიაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *