ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს.
“აღნიშნული საჩივრები ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 6 თებერვალს „ქართული ოცნების“ მიერ დამატებულ 173¹⁶ მუხლს, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით იწვევს პირის დაჯარიმებას 1,500 ლარიდან 4,000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ამ ცვლილებების მიღების შემდეგ არაერთი მოქალაქის წინააღმდეგ იქნა საჩივარი წარდგენილი, რაც მეტწილად, მათ მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის (მათ შორის სოციალური მედიით) გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავდა მიზნად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია ქმნის გამოხატვის თავისუფლების თვითნებური და კონსტიტუციის/საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგოდ მისი შეზღუდვის რისკებს.
საქართველოს კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას. გამოხატვის თავისუფლების სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კრიტიკული შეხედულებების გავრცელება.
გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე კერძო პირებს. საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს.
სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკული შეზღუდვა განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, მრავალი წელია, ჩართულნი არიან შეურაცხმყოფელ და სიძულვილის კამპანიაში ხელისუფლების კრიტიკოსებისა და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ. ამასთან ერთად, ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკით, საჯარო მოსამსახურეები უმეტესად პასუხს არ აგებენ სოციალური მედიით საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩართვის გამო”,- წერია განცხადებაში.