კერძოდ, ესენი იყვნენ: საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, აგრეთვე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ მზად არიან სწრაფად მიიღონ ახალი ზომები, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და საბანკო სფეროებში, რომელთა მიზანია, ძირი გამოუთხაროს რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების შესაძლებლობას და უზრუნველყოს, რომ უკრაინა საუკეთესო შესაძლო პოზიციაში იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
“მზად ვართ გავაძლიეროთ რუსეთზე ზეწოლა იმის ფონზე, რომ ის უარს ამბობს სერიოზულ, სანდო ჩართულობაზე. ასევე, მზად ვართ, სწრაფად მივიღოთ ახალი ზომები, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და საბანკო სფეროებში, რომელთა მიზანია, ძირი გამოუთხაროს რუსეთის აგრესიული ომის გაგრძელების შესაძლებლობას და უზრუნველყოს, რომ უკრაინა საუკეთესო შესაძლო პოზიციაში იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
მზად ვართ, გავყინოთ ჩვენს იურისდიქციებში რუსული სუვერენული აქტივები მანამდე, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს.
სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ასევე, უნდა მოიცავდეს ადეკვატურ უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის, დაწყებული ძლიერი უკრაინული არმიითა და თავდაცვის ინდუსტრიით. ამ მხრივ, ძლიერ ტრანსატლანტიკურ ერთობაზე დაყრდნობით, უკრაინასთან ერთად ვიმუშავებთ ინიციატივებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად; მხად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა გავაფართოოთ, მათ შორის უკრაინასთან თავდაცვით-ინდუსტრიული თანამშრომლობის გაუმჯობესებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი თანამშრომლობის დამატებითი ფორმების შესწავლით, რაც ერთ ხაზშია უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ჩვენს მხარდაჭერასთან. ასევე გავაგრძელებთ აშშ-სთან ამაზე მუშაობას” , – ნათქვამია განცხადებაში.