“კომპანიების ნაწილი არაკონკურენტულ გარემოშია” – აუდიო/ვიდეო ტექნიკის იმპორტიორების ნაწილი ავტორებს ჰონორარის სახით გადასახადს არ უხდიან

ბიზნესი აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტზე დაწესებული ტარიფის გადახედვას ითხოვს – შესაბამისი შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა. საუბარია აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტიორებისთვის 2%-იან გადასახადზე, რომელსაც იმპორტიორები ჰონორარის სახით ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას უხდიან.

პროცესში გამოწვევებზე საუბრობენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი ამბობს რომ პროცესში მთავარი პრობლემა გადასახადის ადმინისტრირებაა, რადგანაც როგორც ირკვევა არ ხდება კომპანიების ნაწილის მხრიდან ტარიფების გადახდა, რაც ბიზნესებს არასამართლიან პირობებში აყენებს.

“შეხვედრის ფარგლებში რაც გამოიკვეთა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ტარიფის ადმინისტრირების საკითხი, ანუ რამდენად უნივერსალურად ხორციელდება ადმინისტრირება. ეს ტარიფი არის საყოველთაო, ანუ ყველამ უნდა გადაიხადოს, ვისაც შემოაქვს კონკრეტული სახეობის პროდუქტი, ვინც ახორციელებს ამ პროდუქტის იმპორტს.

რამდენად შეიძლება ამ ტარიფის ყველას მიმართ გამოყენება, რამდენად კონტროლდება, რომ ყველა იხდის?! – ეს არის ის კითხვის ნიშნები, რაზეც ცალსახად ნათელი პასუხები არ არსებობს. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ თუ კომპანიების ნაწილი იხდის, ნაწილი კი არა, ბუნებრივია კომპანიების ნაწილი არის არაკონკურენტულ გარემოში. მათი იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება შედარებით მეტია. ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებაც იმთავითვე იყო შეპირებული, რომ ამ ტარიფის ადმინისტრირების ნაწილში გადაიდგმებოდა კონკრეტული ნაბიჯები, იქნებოდა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, თუ სხვა ინსტიტუციური რეფორმები, რათა იმპორტის დროს მოხდეს გადასახადის გადახდა. თუმცა ჯერჯერობით ეს საკითხი მოგვარებული არ არის და ბუნებრივია იმ კომპანიების ნაწილისათვის, ვინც ამ ტარიფს კეთილსინდისიერად იხდის, ეს პრობლემაა და მათთვის ეს კითხვის ნიშნებს წარმოშობს,” – ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საკითხზე შეხვედრაც შედგა, სადაც გარდა გადასახადების ადმინისტრირების პროცესში არსებული გამოწვევებისა, პრობლემად სახელდება თავად დადგენილი ტარიფიც. ასოციაციის წევრები ფიქრობენ, რომ დადგენილი ტარიფებიდან დღგ-ს კომპონენტის გამოყოფა უნდა მოხდეს, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან.

“თავის დროზე როდესაც ეს ტარიფი დადგინდა, ტარიფის ოდენობა განისაზღვრა დღგ-ს ჩათვლით. ანუ მაგალითად ეს 2% უნდა ყოფილიყო დღგ-ს ჩათვლით. თუმცა უკვე შემდეგში, როგორც საკითხის დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, ამ ტარიფის გადახდა არ ექვემდებარებოდა დღგ-თი დაბეგვრას. ანუ კომპანია თუ გადაიხდიდა ამ ტარიფს, დღგ-ს ჩათვლით ის ამ დღგ-ს შემდეგ უკან ვეღარ დაიბრუნებდა. რაც ბუნებრივია, წარმოშობს იმის აუცილებლობას, რომ ტარიფიდან გაიმიჯნოს დღგ და დღგ-ის კომპონენტი დადგენილ ტარიფს გამოაკლდეს. იმიტომ რომ თუ ტარიფი იყო დღგ-ს ჩათვლით და აღმოჩნდა რომ დღგ არ გადაიხდევინება და თუ გადავიხდი ვეღარ დავიბრუნებ ამ დღგ-ს, ბუნებრივია ტარიფი უნდა დაკორექტირდეს ამ ნაწილშიც და მას უნდა გამოაკლდეს ის კომპონენტი, ის ნაწილი, რომელიც გაითვალისწინებდა დღგ-ს,”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *