“ბაზრობებზე არაფრის სტანდარტი არაა დაცული.. დაზღვევის ტარიფი კი დამოკიდებულია რისკებზე”- “ჯიპიაი ჰოლდინგი”
ბაზრობები მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის გაუქმებას ითხოვენ – შესაბამისი წერილით სავაჭრო კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანებამ” პარლამენტს მიმართა. მათი განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება ათასობით მცირე მეწარმესა და მომხმარებელს აზარალებს. წერილში აღნიშნულია, რომ დადგენილი ტარიფები სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან მზარდია, რაც ბიზნესისთვის მძიმე წნეხია.
“ჯიპიაი ჰოლდინგში”, რომელიც ბაზარზე ქონების დაზღვევის მიმართულებით მესამე მსხვილი მოთამაშეა, გვიხსნიან, რომ ამ ნაწილში სავალდებულოობის კომპონენტის გაუქმება ორივე სექტორისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
კომპანიის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე კონსტანტინე მანჯგალაძე ამბობს, რომ ბაზრობებზე არ არის დაცული სტანდარტები, რაც სადაზღვევო ინდუსტრიას მაღალი რისკის პირობებში აყენებს, რაზეც არის ტარიფი დამოკიდებული.
“ოდესღაც გადავდგით წინ ნაბიჯი ქვეყანამ და ვთქვით, რომ ელემენტარული დაზღვევა მაინც უნდა ჰქონოდა იმ ხალხს, რომლებიც ამ ბიზნესში ოპერირებენ და ახლა რომ ეს ნაბიჯი უკან გადავდგათ, ზოგადად ამ ბიზნესისთვის უკან დახევა იქნება.
ვფიქრობ განსაკუთრებულად უნდა გაძლიერდეს მხარდაჭერა და უნდა გაძლიერდეს ის პაკეტები, რომლებითაც მოვაჭრეები, ბაზრობები იქნებიან დაცულები და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნებათ. თუმცა ამ ნაწილში ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით. კერძოდ, არ არის დაკმაყოფილებული არანაირი სტანდარტი, როგორც ტვირთის შენახვის, ისე ელექტრო გამანაწილებლის მოწყობის, არაფრის სტანდარტი არაა დაცული, რაც იწვევს საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ კატაკლიზმებს და ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც აყენებს მოვაჭრეებს და ბაზრობებს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე.
ტარიფის ზრდა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია რისკების ზრდასთან. თუ რისკები არის აუწონავი და ჩვენ ვიცით, რომ შემთხვევა აუცილებლად დადგება, ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება ტარიფზე. ხოლო თუ ისინი მოახერხებენ და ელემენტარულ სტანდარტებს მაინც დაიცავენ, ეს მისცემს ყველა სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობას, რომ უფრო დაბალი ფასით და უფრო ნაკლები პრემიის გადახდის საფასურად დააზღვიონ ისინი. ეს ერთის მხრივ, დაიცავს მათ უფრო მეტი გადასახადებისგან და მეორეს მხრივ, გახდის მათ უფრო დაცულს და უფრო ნაკლებად პრობლემატური იქნება მათთვის ამ ბიზნესში ოპერირება,” – ამბობს ჯიპიაი ჰოლდინგის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე კონსტანტინე მანჯგალაძე.