საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ გვიან ღამით, ისრაელმა იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და ობიექტებზე. საპასუხოდ, BBC-ის ცნობით, ირანმა დაახლოებით 100 დრონი გაუშვა.

საქართველოს საელჩოს რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არსებული სიტუაცია რთულია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ამიტომაც წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც აუცილებელია/რეკომენდებულია სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში:

“„წითელი განგაშის“ სირენის ჩართვის შემდეგ – დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი. იცოდეთ თქვენთვის უახლოესი თავშესაფრის ან დაცული სივრცის ადგილმდებარეობა.

შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები;

შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;

დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;

სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;

დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას”, – წერია რეკომენდაციებში.

ამასთან, საქართველოს საელჩო წერს, რომ ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.

“თვალყური ადევნეთ ადგილობრივ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად. უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობის ვებსაიტზე (შესაძლებელია ისრაელში არსებულ მოწყობილობებზე);

•უსაფრთხოების შესახებ განახლებული/განსხვავებული უახლესი ინფორმაციის შესახებ თვალყური ადევნეთ საელჩოს ვებ და ფეისბუქ გვერდებს:

• ყურადღებით იყავით თქვენს გარშემო.

• მოერიდეთ ყველა დემონსტრაციას და დიდ შეკრებებს.

• მოერიდეთ ყველა იმ ადგილს, სადაც პოლიციის დიდი რაოდენობაა.

• დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომრებზე: +972 526 919092; ცხელი ზახი 24/7+972 3 609 3206.

მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას”, – წერია რეკომენდაციებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *