საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტების მიმართ “ქართული ოცნების” დამოკიდებულებას “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი, რესან ქიქავა აფასებს.

“ანალიტიკას” ეთერში დასმულ კითხვაზე, რატომ არ ითხოვს “ოცნება” IMF-ის ახალ პროგრამას, ქიქავა აღნიშნავს, რომ საქართველოში მმართველობის ფორმა დასავლურ ინსტიტუციებთან დღესდღეობით შეუთავსებელია.

გამიჭირდება ამის შეფასება, რატომ არ ითხოვს “ოცნება” საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას. რაღაცნაირ პოზაში დგომა ჰქვია ამას, პოზიორობა თუ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგას… ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუცია არ არის თავსებადი ასეთი ტიპის მმართველობასთან და ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს ჯახს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის არის ძალიან დამაზიანებელი. შეუძლებელია, აშენებდე ავტორიტარიზმს და ახდენდე ყველა ინსტიტუტის უზურპაციას, გასული იყო კონსტიტუციიდან, იყო სანქცირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არ არის თავსებადი არც ერთ საერთაშორისო სტანდარტთან.

სტანდარტების თვალსაზრისით, ჩვენთან ახლოს არის აღმოსავლური და, უფრო მეტად, რუსული სამყარო, ავტორიტარული რეჟიმები… ოღონდ არა ის რეჟიმები, რომლებზეც გვესაუბრებიან, რომ ახლოს ვიქნებით, არამედ ისევ რუსეთი და კორეა და მსგავსი ტიპის ქვეყნები, სადაც კულტურული და შინაარსობრივი თავსებადობა გაგვიჩნდა ბოლო პერიოდში. დასავლეთთან და ცივილურ ქვეყნებთან ვართ კონფრონტაციულ რეჟიმში დღეს, დაუჯერებელიცაა ამაზე საუბარი, და გვაქვს თბილი ურთიერთობა ამ ქვეყნებთან, მათ შორის ოკუპანტ და მტერ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, დასავლური ინსტიტუციებთან ურთიერთობა, მათთან დიალოგი თუ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, უკვე არაბუნებრივი და უცნაურიც არის, ეს თავსებადობა საერთოდ მოშლილია”, – ამბობს რესან ქიქავა.

ცნობისთვის, გასულ თვეს “ოცნების” ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელია, მთავრობამ IMF-ისგან ახალი პროგრამა წელს არ მოითხოვოს.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *