ქართული წარმოშობის 47 წლის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. ის ამ პოსტზე სერ რიჩარდ მურს შეცვლის. როგორც The Guardian წერს, ის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა პასუხისმგებელი და ადრე სხვა დირექტორის დონის თანამდებობებს იკავებდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურსა (MI6) და შიდა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის სააგენტო MI5-ში. მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული და კარიერის დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ოპერატიულ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ბლეიზ მეტრეველის დანიშნა “ისტორიულია” და ეს მაშინ ხდება, როცა “გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას”. “ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა იმ დროს ხდება, როდესაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბის საფრთხეების წინაშე დგას — იქნება ეს აგრესორები, რომლებიც ჩვენს წყლებში თავიანთ სადაზვერვო გემებს აგზავნიან თუ ჰაკერები, რომელთა დახვეწილი კიბერგეგმები ჩვენი საჯარო სერვისების ჩაშლას ისახავს მიზნად”, — განაცხადა სერ კირ სტარმერმა კვირას საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მეტრეველმა, რომელიც გასულ წელს წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კავალერად დაინიშნა, განაცხადა: “მე ვამაყობ და პატივია შემთვის, რომ ჩემი სამსახურის ხელმძღვანელობა მთხოვეს. MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს — MI5-თან და GCHQ-თან ერთად – ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დიდი ბრიტანეთის ინტერესების წინ წამოწევაში საზღვარგარეთ. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად”, — აცხადებს ბლეიზ მეტრეველი. MI6-ს, 1909 წელს დაარსების დღიდან, არასდროს ჰყოლია ქალი ხელმძღვანელი. MI5-ს ადრე სტელა რიმინგტონი და ელიზა მენინგჰემ-ბულერი ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მთავრობის კომუნიკაციების შტაბ-ბინის (GCHQ, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები) ამჟამინდელი ხელმძღვანელი ენ კისტ-ბატლერია. როგორც საერთაშორისო მედია წერს, აქამდე MI6-ს ქალი მხოლოდ ჯეიმს ბონდის ფილმებში ხელმძღვანელობდა. The Guardian-ის ცნობით, ბლეიზ მეტრეველს საგარეო დაზვერვის სამსახურსა და შიდა სააგენტო MI5-ში დირექტორის დონის რამდენიმე თანამდებობა ეკავა. ის დაზვერვის ოფიცერი 1999 წელს გახდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *