უამინდობამ მოსავალი დააზიანა – რა მოლოდინი აქვთ მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში?

საქართველოში ლურჯი მოცვის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში გადადის. სექტორის შეფასებით, ინდუსტრიაში რთული წელია. დასავლეთ საქართველოში მოსული დიდთოვლობის, შემდეგ კი საგაზაფხულო ყინვების შემდეგ, მოსავლის დაახლოებით 20% განადგურდა, ახლა კი საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის გატანის პრობლემებია. საუბარია ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენაზე, რამაც კომპანიების ნაწილს ისრაელის ბაზარზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობა გაუქრო, ავიამიმოსვლის შეფერხების გამო კი პრობლემაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეღწევაც.

„წელს აქტიურად ისრაელის ბაზარზე მუშაობას ვაპირებდით. ისრაელში მიწოდებაზე 3 კონტრაქტი გვაქვს და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში იქ რამის მიწოდება მოხერხდეს.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ბაზარი ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები იყო ყოველთვის, რამდენიმე დღეა ფრენები შეჩერებულია ან ყოველ შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა ავიაკომპანიებით. პრაქტიკულად, რაც ომი დაიწყო შეჩერებული გვაქვს ექსპორტი ამ ქვეყნებშიც, თუმცა ახალი შესაძლებლობა გაჩნდა ბაქოს გავლით, რომ გავაგზავნოთ ტვირთი და ზეგ პირველად ჩავა იქ ტვირთი და იმედი გვაქვს, კარგად ჩავა და გავაგრძელებთ სტაბილურად მიწოდებას, ან ჩვენი ავიაკომპანიები გააქტიურდებიან, რადგან ფრენები სამუდამოდ ვერ გაჩერდება, უბრალოდ მარშრუტი უფრო გრძელი გამოდის, მეტი დრო უნდა ფრენას და შესაბამისად ძვირი ჯდება ტვირთის გადაზიდვა. საამიროებში სხვა გზა მიწოდების არ არსებობს.

ეს ბაზრები ცნობილია იმით, რომ იქ ფასი მთელი სეზონის განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია. სავარაუდოდ, ფასი იგივე იქნება, რაც შარშან იყო, ცვლილებას არ ველით. მოგვიწევს საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე გავაგრძელოთ მიწოდება და ამ ბაზრებზე არ დავკარგოთ ჩვენი პარტნიორები, რომ მოცვის შესაძენად სხვა წყაროები არ ეძებონ.

რაც საქართველოდან საამიროებში ექსპორტის 70-80% ჩვენი კომპანიის მიერ არის განხორციელებული. სამ კომპანიასთან ვმუშაობთ მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს სუპერმარკეტთან. იმ ბაზრებზე ფასი 8-9 დოლარამდეა, დუბაიმდე ტრანსპორტირებასაც მოიცავს.

ჩვენი შიდა პოლიტიკაა, რომ რუსეთს არასტაბილურ ბაზრად მივიჩნევთ და აღნიშნულ ბაზარზე ვცდილობთ 20%-ზე მეტი არ გავყიდოთ, დანარჩენი მიდის ევროკავშირში, ე.წ. გალფის ქვეყნებში, წელს ასევე აქტიურად ინდოეთზე ვიმუშავებთ. წელს ჩვენი საპროგნოზო მოსავლიანობა 300 ტონაა“, – აცხადებს “აგროლეინის” მმართველი პარტნიორი გიორგი ღვინიაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში.

საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის 90%-ზე მეტი რუსეთში გადის ექსპორტზე. მაგალითად, გასულ წელს, აღნიშნულ ბაზარზე 24,2 მილიონი დოლარის ღირებულების, 4 268 ტონა პროდუქტი გადაიტვირთა. მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა გერმანია ( 358 ტონა, $1,8 მლნ), მას მოსდევს სომხეთი (104 ტონა, 668 $ათასი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები ( 73 ტონა, 600 $ათასი).

აღსანიშნია, რომ საქართველოში მოცვის ბაღების ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტიც. მაგალითად, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 8,5 მილიონ დოლარამდე, 2023 წელს 21,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 28,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *