როგორც ბრაზილიაში ამბობენ, ორგანიზაციაში ვიეტნამის ნაწილობრივი გაწევრიანება მნიშვნელოვანია, რადგან ის აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელიც, ერთი მხრივ, სამხრეთული ქვეყნების თანამშრომლობით ინტერესდება, მეორე მხრივ კი, მდგრად განვითარებას უჭერს მხარს.
ვიეტნამი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსახლიანი ქვეყანაა, რიგით მე-35 უდიდესი ეკონომიკაა მსოფლიოში. ვიეტნამის მთლიანი შიდა პროდუქტი $491 მილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დაახლოებით $4,800-ის ტოლია, ანუ ვიეტნამის მოსახლეობა არც თუ ისე მდიდარია. ამ აზიურ ქვეყანაში ას მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და თან, ქვეყნის სამუშაო ბაზარი ასე თუ ისე სტაბილურია, რადგან უმუშევრობის დონე მხოლოდ 2.2%-ის ტოლია, რაც განვითარებადი სახელმწიფოსთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ვიეტნამის ეკონომიკის დიდი ნაწილი სამ სექტორზე — სერვისებზე, ინდუსტრიულ წარმოებაზე და სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ელექტრონიკას, ტექსტილს, ფეხსაცმელს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებსა და მანქანა-დანადგარებს ვხვდებით.
თავად BRICS-ის კავშირი, რომლის დამფუძნებლები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, თავდაპირველად, განვითარებადი ეკონომიკების არაფორმალური ფორუმი იყო, რომელმაც მალევე შეიძინა სტრუქტურა და გავლენიან გლობალური მოთამაშედ ჩამოყალიბდა. დღეს, BRICS-ში ოფიციალურად ათი ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია. კოლექტიურად, ჯგუფი ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, რადგან მასზე დედამიწის მოსახლეობის 45% და გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედი მოდის.
ამგვარი ეკონომიკური ძალაუფლება გაერთიანებას გლობალურ მმართველობაში უფრო აქტიური როლის დაკავებისკენ უბიძგებს. ამ ბიძგის კულმინაციის ერთ-ერთ მაგალითად BRICS-ის ქვეყნების ახალი განვითარების ბანკის შექმნა შეგვიძლია ჩავთვალოთ – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების დაკრედიტებას ისახავს მიზნად. ამ ბანკმა, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსოფლიო ბანკის, ADB-ის ან EBRD-ის მსგავსად ფუნქციონირებს, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის სესხები უკვე გასცა, რაც გულისხმობს, როგორც თანხის მიმღები ქვეყნების განვითარებას, ასევე გარკვეულ პოლიტიკურ კონტროლს.
BRICS-ის სხვა მსგავს ერთეულებთან, მაგალითად G7-თან და G20-თან შედარება ცხადყოფს, რომ ამ კავშირს აქვს, როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ BRICS-ის კავშირი მრავალფეროვანი განვითარებადი ეკონომიკებითაა დაკომპლექტებული, სადაც განსხვავებული ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები მოქმედებს. ეს მრავალფეროვნება, მართალია, შეიძლება სიძლიერის წყაროდ იყოს აღქმული, მაგრამ არც განსხვავებული ინტერესები და აზრთა სხვადასხვაობის გამო ვერმიღებული გადაწყვეტილებები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც, შესაძლოა, G7-ის ფორმატში საერთოდ არ არსებობდეს.
ახლა კი, BRICS-ის ეკონომიკურ ანალიზს დავუბრუნდეთ. BRICS-ის წევრებს შორის ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $17.9 ტრილიონს შეადგენს. მეორე ადგილს $3.4 ტრილიონი დოლარით ინდოეთი იკავებს, მესამიდან მეხუთე ადგილების ჩათვლით კი რუსეთს, ბრაზილიას და სამხრეთ აფრიკას ვხვდებით. თუმცა ამ შთამბეჭდავი რიცხვების მიუხედავად, ქვეყნებს შორის დიდი დისბალანსი შეიმჩნევა, რადგან თუ ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 12,600 დოლარის ტოლია, ინდოეთში ის სულ რაღაც 2,500 დოლარია.
BRICS-ის კავშირი, პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური გაძლიერება არ არის ერთადერთი მიზანი, რომელსაც ეს ორგანიზაცია ემსახურება. ეკონომიკასთან ერთად, ეს კავშირი მეტად პოლიტიკურიცაა, ხოლო ვექტორი, რომელიც მას აქვს არჩეული მკვეთრადაა გადახრილი BRICS-ის დამფუძნებელი სახელმწიფოების — რუსეთისა და ჩინეთის მიმართულებით. ჯგუფის ერთიანი პოზიცია სხვადასხვა საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, მაგალითად, დედოლარიზაციის მიმართულებით, BRICS-ის მზარდ გავლენაზე და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ გლობალური წესრიგის გადაწყობის სურვილზე მიგვანიშნებს.
BRICS-ის კავშირი მუდმივად განვითარებადი ორგანიზაციაა და იქ გაწევრიანება ბევრ სახელმწიფოს სურს, მათ შორისაა ჩვენი მეზობელი თურქეთი. თურქეთთან ერთად, ალიანსში გაწევრიანება მალაიზიას, ტაილანდს და, რაც მთავარია, აზერბაიჯანს სურთ, რომელიც საქართველოს მეზობელი და თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა. გამოდის, რომ თუ BRICS-ი მომავალში ამ მიმართულებით მართლაც გაფართოვდა, ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობა, მკვეთრად შეიცვლება.