საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) ყოველწლიურად აგზავნის, სადაც ახალგაზრდები სამი კვირის განმავლობაში ამერიკელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობენ StartMIT-ის მეწარმეობაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ პროგრამაში.
პროექტი სრულად ფინანსდება უნივერსიტეტის მიერ და ითვალისწინებს არა მხოლოდ განათლებას, არამედ საერთაშორისო ქსელში ინტეგრირებასაც. ამ თემაზე სასაუბროდ BMGTV-ს გადაცემას „ბიზნესის კვირეული“ MIT-ის ანტრეპრენერული განათლების პროგრამის ქართველი მონაწილეები – ნათია ჯიბლაძე და პაატა შურღაია სტუმრობდნენ.
როგორც ნათია ჯიბლაძემ გადაცემაში აღნიშნა, SEU და MIT-ის პარტნიორობა 2024 წლიდან დაიწყო და სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში ხდება საქართველოს და რეგიონის სახელით სტუდენტების მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ანტრეპრენერულ საგანმანათლებლო ფორმატში.
„SEU დღეს გლობალური სამეწარმეო განათლების ქსელის თანადამფუძნებელია მსოფლიოს სხვა ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად. ეს არის MIT-ის სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center-ის ინიციატივით ჩამოყალიბებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების განვითარებასა და გავრცელებას გლობალურ დონეზე“, – განაცხადა ნათია ჯიბლაძემ.
მისი თქმით, 2025 წლიდან SEU-ში უკვე ჩამოყალიბდა სამეწარმეო ცენტრი, რომელიც MIT-ის გამოცდილებას იყენებს როგორც მეთოდოლოგიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. პარტნიორობის საწყის ეტაპზე, ბოსტონში ვიზიტის შემდეგ, უნივერსიტეტმა შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომლის ნაწილიც წელსაც გრძელდება და სტუდენტების ახალი ნაკადი აშშ-ში უკვე ივლისში გაემგზავრება.
პროგრამის კიდევ ერთმა მონაწილემ, პაატა შურღაიამ, აღნიშნა, რომ MIT-თან პარტნიორობა SEU-ს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და უკვე შექმნილია არაერთი საგანმანათლებლო პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
მისი განმარტებით, პროგრამა ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს – აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მიმართულებებს. აკადემიურ ნაწილში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ სეუს პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ სხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებსაც, რომლებიც აფილირებული იქნებიან სეუსთან. რაც შეეხება სტუდენტურ მიმართულებას, ახალგაზრდები სამი კვირის განმავლობაში MIT-ის კამპუსში მონაწილეობენ სტარტაპებთან, ინკუბატორებთან და პრაქტიკულ პროექტებთან დაკავშირებულ აქტივობებში.
„სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, იმუშაონ სტარტაპებზე, გაიარონ პრაქტიკა წამყვან ინოვაციურ გარემოში და უშუალოდ შეეხონ იმ ეკოსისტემას, რასაც MIT წარმოადგენს. ეს არა მხოლოდ განათლების, არამედ აზროვნების ტრანსფორმაციის პროცესია“, – აღნიშნა პაატა შურღაიამ.