„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია,“ — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სენატორ ჯინ შაჰინის სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
კომისია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
მანამდე, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას „დემოკრატიაზე დარტყმა“ უწოდა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველია. ბაჩიაშვილმა პროცესზე თქვა, რომ ის საზღვარგარეთ გაიტაცეს.