ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროპაში მეგავატი/საათი ენერგიის ღირებულება 38.5 ევროს შეადგენს, რაც მიმდინარე წელს დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.
ბუნებრივი აირის გაძვირების მიზეზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული, რადგან აღნიშნული რეგიონი ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორია. ისრაელი-ირანის დაპირისპირების ფონზე, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ამ რეგიონიდან ბუნებრივი რესურსების ექსპორტი შეფერხდება, რაც დეფიციტის წარმოქმნას შეუწყობს ხელს.
ამასთან, 2025 წლის იანვრიდან ევროპაში უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი სრულად შეწყდა. საერთო ჯამში, ამ მარშრუტით ევროკავშირის საერთო მოთხოვნის 5% კმაყოფილდებოდა, განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში წარმოდგენილ სახელმწიფოებში იყო, მაგალითად, სლოვაკეთში, რომელსაც ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოუწია გადართვა.
მიუხედავად იმისა, რომ გაზი მკვეთრადაა გაძვირებული, ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისის დაწყების საფრთხე არ დგას, რადგან EU-ს სტრატეგიული რეზერვები და მარაგები თითქმის მაქსიმალურადაა შევსებული, რაც პოტენციურად კრიზისული პერიოდის გადასალახად საკმარისზე მეტია.