ტრამპის კომპანია $499-იან “ოქროს სმარტფონს” გამოუშვებს – რომელ ქვეყანაში დამზადდება T1?

ტრამპის კომპანია $499-იან “ოქროს სმარტფონს” გამოუშვებს – რომელ ქვეყანაში დამზადდება T1?
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მფლობელობაში არსებულმა The Trump Organization-მა ახალი სმარტფონი, ოქროსფერი T1 წარადგინა, რომელიც $499 ეღირება და Google-ის Android-ის საოპერაციო სისტემაზე იმუშავებს.

ამასთან, T1-ს მობილური ტელეფონის სერვისის პაკეტიც მოჰყვება, რომლის თვიური ღირებულებაც, $47.45 იქნება, რადგან თავად ტრამპი აშშ-ის 47-ე და 45-ე პრეზიდენტია.

კომპანიის განცხადებით, “ოქროს სმარტფონი” ამერიკის შეერთებულ შტატებში აიწყობა, თუმცა, როგორც ექსპერტები CNBC-სთან საუბარში აცხადებენ, უფრო მოსალოდნელია, რომ სმარტფონი, სინამდვილეში, ჩინეთში დამზადდეს.

“შეუძლებელია ტელეფონის დიზაინი 0-დან შექმნა და შეუძლებელია, რომ ის აშშ-ში ააწყო ან სრულად აშშ-ში დაამზადო”, – განუცხადა International Data Corporation-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანცისკო ჯერონიმომ.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მობილურს სინამდვილეში ჩინური ODM საწარმო შექმნის – ანუ კომპანია, რომელიც თავად შეიმუშავებს პროდუქტის დიზაინსა და ააწყობს მას, შემდეგ კი სხვა ბრენდის სახელით გაყიდის. CNBC-სთან საუბარში Counterpoint Research-ის კვლევების დირექტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მობილურის წარმოების შესაძლებლობა ამჟამად საერთოდ არ აქვს.

ამერიკულ დღის წესრიგში სმარტფონების წარმოება მას შემდეგ დადგა, რაც ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ გაჯეტებზე ტარიფების დაწესება დააანონსა და Apple-ს iPhone-ების აშშ-ში წარმოებისკენ მოუწოდა. ეს ყველაფერი ტრამპის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, პრეზიდენტს აშშ-ში ადგილობრივი წარმოების გაზრდა სურს. ტრამპის ამ ამბიციურ გეგმაზე კი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პროდუქტის მდგრადობისა და ხელმისაწვდომი ფასების კომპრომისის გარეშე, iPhone-ების აშშ-ში წარმოება შეუძლებელია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ სმარტფონების წარმოებისთვის საჭირო ქარხანას ააშენებს, ამ ბაზრის მიწოდების ჯაჭვი იმდენად გლობალურია, რომ T1-ის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შესყიდვა აშშ-ს სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწევს. მაგალითად: “ოქროს სმარტფონს” 6.8-ინჩიანი AMOLED ეკრანი ექნება, რომელიც, როგორც წესი, სამხრეთ-კორეულ ქარხნებში Samsung-ისა და LG-სთვის იწარმოება.

შედარებისთვის, Apple-ის ბოლო თაობის iPhone 16 Pro Max-ის ღირებულება $1199-დან იწყება; იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპის მობილური $499 ეღირება, მოსალოდნელია, რომ ტრამპის ორგანიზაცია თავის სმარტფონში ტაივანში წარმოებულ MediaTek-ის პროცესორსა და ასევე ტაივანში წარმოებულ Qualcomm-ის ჩიპს ჩააინტეგრირებს.

კომპანიის თანახმად, ახალ სმარტფონს 50 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელიც, როგორც წესი იაპონური Sony-ისთვისაა დამახასიათებელი. მის ალტერნატივას მცირე ზომის კომპანიები ჩინეთშიც აწარმოებენ.

ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც შეიძლება, ადგილობრივი წარმოების იყოს, მოწყობილობის შიდა მეხსიერებაა, რომელსაც Micron-ი აშშ-ში აწარმოებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *