“როსსეტთან” შეხვედრა აქციონერთა კრების ფარგლებში გაიმართა – ეკონომიკის სამინისტრო

“როსსეტთან” შეხვედრა აქციონერთა კრების ფარგლებში გაიმართა – ეკონომიკის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-სთან ადასტურებენ რუსულ ენერგოკომპანია “როსსეტის” დელეგაციასთან შეხვედრას. კომპანიამ 16 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფებოდა და ეკონომიკის სამინისტროსა და “საქრუსენერგოსთან” შეხვედრები გამართა. “როსსეტის” ინფორმაციითვე, შეხვედრებზე ასევე განიხილეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სამომავლოდ თანამშრომლობის საკითხებიც.

აღსანიშნავია, რომ “როსსეტის” ხელმძღვანელი ანდრეი რიუმინი 2022 წელს ევროკავშირმა, ხოლო 2023 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

სს „საქრუსენერგო“ 1996 წელსაა დაფუძნებული საქართველოსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს” და 330 კვ ეგხ „გარდაბანს”, საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას”. ასევე, შიდა სასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს , „მუხრანს”და „ასურეთს“.

“სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ კომპანიის საფინანსო მდგომარეობას, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს. კომპანიაში საქართველოს მხარეს წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამდენად, აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, – აცხადებენ უწყებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *