საქართველოს ბიზნესს ასოციაციის (BAG) მიერ გამოქვეყნებული “დასაქმების ბარომეტრის” შედეგების მიხედვით, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორი არსებობს.
კერძოდ, 2025 წლის II კვარტალში, ხელის შემშლელი ფაქტორებია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.
სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში:
- სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ იგრძნობა მშენებლობის სექტორში (88%) და საშუალო ზომის კომპანიებში (37%).
- სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად აწუხებს ყველა ზომის კომპანიას, განსაკუთრებით კი მშენებლობის სექტორს (63%).
- სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (75%) დგას, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის კი თანაბრად პრობლემურია (26-28%).
- ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით პრობლემურია ვაჭრობის სექტორში (47%) და მცირე ბიზნესისთვის (28%).
- მოთხოვნის სიმცირე ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორს (50%) აწუხებს, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ აღინიშნება.
ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სპეციალისტების ნაკლებობისა და სამართლებრივ-ადმინისტრაციული ბარიერების პრობლემები გამძაფრდა (8 პროცენტული პუნქტით), ხოლო ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა შემსუბუქდა (29 პროცენტული პუნქტით).
ასევე აღსანიშნია, რომ 2025 წლის II კვარტალში, 2025 წლის I კვარტალთან შედარებით, შემცირდა იმ კომპანიების წილი (7 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები.