მისი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ NGO-ებისგან მხოლოდ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ხელშეკრულებასა და მის აღსრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვა.
“დღეს გავრცელდა ძალიან არასასიამოვნო, ტყუილი ინფორმაცია, თითქოს სასამართლო განჩინებით მოვითხოვეთ მათი (NGO-ების) საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ბენეფიციარების სამართლებრივი ადვოკატირების თუ ჯანმრთელობის კუთხით პერსონალური ინფორმაციების ამოღება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოვითხოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება მხოლოდ საბანკო ამონაწერებს, მოვითხოვეთ საგადასახადო ორგანოებიდან ინფორმაციები და, უშუალოდ ამ ორგანიზაციებს მოვთხოვეთ, დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ის სამართლებრივი დოკუმენტები, რაც უკავშირდება ხელშეკრულების აღსრულებას.
სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაცია მოვითხოვეთ – ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ადვოკატის საიდუმლოს გამგზავრებასთან დაკავშირებითაც იყო განცხადება, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს – მსგავსი მოთხოვნები არ არის დაყენებული და ჟურნალისტები ვალდებული ხართ, გამოითხოვოთ განჩინების ასლები, რომლითაც მათგან მოვითხოვეთ კონკრეტული ინფორმაციის მიღება”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
საქმე ისაა, რომ დღეს დილიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროსგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნა მიიღეს. მათი ინფორმაციით, ორგანიზაციებს ინფორმაციის წარდგენას შემდეგი კანონების საფუძველზე სთხოვენ: “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ ორგანული კანონი და “გრანტების შესახებ” კანონი: “სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების… ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია”.
კუპრაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას “საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში სასამართლო გადაწყვეტილებიდან ის ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლითაც ბიურო NGO-ებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.
“ამ წუთებში რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არ მოგვითხოვია, ტყუილია ეს და გადაამოწმეთო. ჰოდა, მედიებისთვის ვაზიარებ, ინებეთ სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ჩვენი ბენეფიციარების პირად ნომრებს, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტო სურათებს ითხოვენ”, – წერს ლომჯარია.