როგორც დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია.
თავის მხრივ, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის უზენაესობისა და აღსრულების პროცესში ბიურო უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია.
მისი თქმით, ბიუროს საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.
“ანტიკორუფციული ბიურო კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტებისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, საქართველოს კანონის “ფარას” აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს, ასევე ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს.
დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს ბიურო, სასამართლო ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულზე მინდა საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაციას. უპირველეს ყოვლისა ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობის და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას”,- ამბობს კუპრაშვილი.