“შესაძლებელია, ირანის პორტებიდან ტვირთები ჩვენკენ გადმომისამართდეს” – დობორჯგინიძე ისრაელ-ირანის ომის გავლენებზე

ისრაელისა და ირანის საომარი კონფლიქტის გავლენას ქართულ ლოგისტიკურ სექტორსა და შუა დერეფანზე BMG-სთან “საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ ომს შესაძლოა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

“ეს კონფლიქტი რეგიონში არასტაბილურობას ქმნის, შესაბამისად, ალბათ მოხდება რისკების გათვალისწინება გადამზიდავების და ტვირთმფლობელების მხრიდან. მეორე მხრივ, პირიქით, შეიძლება პოზიტიურიც იყოს. ვიცით, რომ ირანის პორტები მნიშვნელოვან ჰაბებს წარმოადგენენ ცენტრალური აზიაში ექსპორტ-იმპორტისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული მიმართულებით, ფოთის პორტის კონკურენტადაც გვევლინება. აქედან გამომდინარე, მოკლევადიან პერიოდში გარკვეული პოზიტიური ეფექტიც შეიძლება იყოს, რომ ტვირთები ჩვენი პორტებისკენ გადმომისამართდეს”, – აღნიშნავს გიორგი დობორჯგინიძე.

მისივე თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, განსაკუთრებით, ფოთში საკონტეინერო გადაზიდვების კუთხით, თუმცა კვლავ არსებობს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საოპერაციო გამოწვევები.

გამოწვევად, როგორც წესი, ორი რამ რჩება: გადაზიდვის დრო და კონკურენტუნარიანი ფასი, რაც თავისთავად დამოკიდებულია გარკვეულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებზე. ეს შეფერხებები შეიძლება იყოს როგორც კასპიის ზღვაზე, ასევე ჩვენს პორტებში, განსაკუთრებით ფოთში, რადგან ვიცით, რომ პორტი გადატვირთულია და საჭიროებს შემდგომ გაფართოებას. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ანაკლიის პორტი. ძირითადი გამოწვევა მაინც კასპიის ზღვასა და შავი ზღვის ქართულ პორტებთან დაკავშირებაა.

პირველი გამოწვევა მაინც გადაზიდვის დროა, ჩრდილოეთ დერეფანთან შედარებით, დროში მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა. მეორე ფასია, რაც ეფექტურობითაა გამოწვეული – ორივე პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს შორის დაკავშირებადობა უნდა დაჩქარდეს, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ამან ფასზეც იქონიოს გავლენა”, – განმარტა გიორგი დობორჯგინიძემ BMG-სთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *