პოლონეთში მდებარე ქართულმა რესტორანმა „რუსიკო“ Michelin-ის რეკომენდაცია მიიღო

პოლონეთში მდებარე ქართულმა რესტორანმა „რუსიკო“ Michelin-ის რეკომენდაცია მიიღო

პოლონეთში მდებარე ქართულმა რესტორანმა „რუსიკო“ Michelin-ის რეკომენდაცია მიიღო. ამის შესახებ რესტორატორმა და ტურისტული ობიექტის მფლობელმა, დავით თურქესტანიშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

Michelin-ის რეკომენდაცია ნიშნავს, რომ ქართულმა სამზარეულომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულინარიული გიდის მხრიდან საერთაშორისო აღიარება ხარისხისა და გემოვნების ნაწილში მოიპოვა.

როგორც ობიექტის მფლობელი, დავით თურქესტანიშვილი ეთერში ამბობს, ქართული რესტორანი მთელი პოლონეთის მასშტაბით არსებულ ასობით თუ ათასობით რესტორანს შორის, 108 საუკეთესოთა შორის მოხვდა. მიშელინის წითელ კატალოგში მოხვედრა კი არა მხოლოდ რესტორნის, არამედ ქართულ კულინარიის დიდი გამარჯვებაა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართული სამზარეულო ძალიან ტრადიციული და კლასიკურია, ხოლო მიშელინის ვარსკვლავს აქვს ძალიან ჩამოყალიბებული და ვიწრო კრიტერიუმები, შესაბამისად, მე რატომღაც მგონია, რომ ჩვენნაირი ტრადიციული სამზარეულოს მქონე რესტორნისთვის ძალიან რთული იქნებოდა ამ ვარსკვლავის მიღბა. ყოველთვის ვიძახი, რომ ხინკალს ბუმბულებს ვერ გაუკებ და რაღაც კრიტერიუმებს ვერ შეცვლი. ამიტომ, აღიარება და დაფასებაა, რომ მოვხვდით იმ 108 რესტორანს შორის, რომელიც მიშელინის წითელ კატალოგში შევიდა.

ამ ტიტულის მიღებით ჩვენი მომხმარებლების მიდგომა იცვლება. ისინი უფრო ფრთხილები და მომთხოვნი არიან. ტიტულის მიღების შემდეგ, რასაკვირველია მოდიან ინსპექტორები, რომლებიც პერიოდულად მონიტორინგს ატარებენ. მათ ტიტულის მონიჭებასთან ერთად, მისი ჩამორთმევაც შეუძლიათ, რაც რესტორნისთვის უფრო მტკივნეული და დამაზარალებელია. ჩვენ დაგვაფასეს ისეთები, როგორებიც ვართ. რესტორანს არ გადაუხვევია ჩვენი ტრადიციული სამზარეულოსთვის და ჩვენთვის ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქართულ სამზარეულოს დიდი ადგილი აქვს მსოფლიო კულინარიაში. ეს წარმატება კი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ქართული სამზარეულოს და ქართული ღვინის დამსახურებაა“, – თქვა მან.

ინფორმაციისთვის, რესტორანი „რუსიკო“ პოლონურ ბაზარზე, ქალაქ ვარშავაში 2015 წელს გამოჩნდა. ტურისტული ობიექტი დავით თურქესტანიშვილმა გახსნა, ხოლო სახელი დედის პატივსაცემად შეარჩია. რესტორნის კონცეფცია მთლიანად ქართულ ტრადიციებზეა აგებული, შესაბამისად ევროპულ ბაზარზე მომხმარებელს აუთენტურ გარემოს სთავაზობს და ქართული, ტრადიციული კერძებითა და ღვინით უმასპინძლდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *