რატომ შეიცვალა სიღარიბის ზღვარი?
მსყიდველობითი უნარით დათვლილი შეფასება მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში ერთსა და იმავე ნივთებსა თუ მომსახურებაზე ფასების შედარებას. მსოფლიო ბანკის თანახმად, მათ მიერ 2021 წლის მსყიდველობითი ფასების ანალიზი აჩვენებდა, რომ ძირითადად დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გაიზარდა საარსებო მინიმუმის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების ყოველდღიური კრიტიკულად აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა რეალურად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამას 2.15 დოლარის ფარგლებში წარმოდგენილი სიღარიბის ზღვარი წარმოაჩენდა.
შედეგად, მსოფლიო ბანკმა გადახედა წინა წლების მწკირვებსაც, სიღარიბის ახალი ზღვრის ($3) გამოყენებით, მსოფლიოში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 9%-დან 10.5%-მდე გაიზარდა.
რაოდენობრივად ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში 838 მილიონი ადამიანი ოფიციალურად ითვლება უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებად — ანუ 125 მილიონით მეტი, ვიდრე წინა შეფასებით.
განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა სუბ-საჰარულ აფრიკაში, სადაც სიღარიბის დონე 37%-დან 45.5%-მდე გაიზარდა. თუმცა ინდოეთის განახლებული მონაცემების გამო, სამხრეთ აზიაში სიღარიბე პირიქით, შემცირდა: 9.7%-დან 7.3%-მდე.
მსოფლიო ბანკის მიერ განახლებული შეფასება მოიცავს ინფორმაციას საქართველოს შესახებაც, რომლის თანახმადაც 2023 წლისთვის სიღარიბის დღეში $3-იან ზღვარზე დაბლა საქართველოს მოსახლეობის 5.8% ცხოვრობდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 7.7%, 2021 წელს კი 10.8% იყო.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოში პიკური სიღარიბე 2001 წელს დაფიქსირდა, როდესაც მოსახლოების 36.7% სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო.
დღეში $3 დოლარის PPP მაჩვენებლით დათვლილი სიღარიბე საქართველოში: