დღეს ისრაელი არის შეჩერებული, რაც მის ეკონომიკაზე მოქმედებს – საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა

დღეს ისრაელი არის შეჩერებული, რაც მის ეკონომიკაზე მოქმედებს, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ ისრაელისა და ირანის კონფლიქტზე და მის გავლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ისრაელს ძლიერი ეკონომიკა აქვს, ქვეყანაში არსებული კონფლიქტი როგორც მორალურად, ასევე ეკონომიკურად ქვეყანაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

„ადამიანები სახლებში არიან და დაცული ოთახებიდან არ გამოდიან. ინდუსტრია არ მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ძალიან დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ეს ყველაფერი ეკონომიკაზე გავლენას ახდენს.

მჯერა, ომი დასრულდება იმით, რომ რეგიონი გახდება ახალი ახლო აღმოსავლეთი, რეგიონში რაღაც პერიოდის შემდეგ იქნება აღმავლობა“, – აღნიშნა იციკ მოშემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი თვლის, რომ ირანში მთავრობა შეიცვლება, რის შედეგადაც მსოფლიო დიდ მეგობრულ ქვეყანას მიიღებს.

„ველი, რომ ირანში მთავრობა შეიცვლება და დიდ, მაგრამ მეგობრულ ქვეყანას მივიღებთ. ამის თქმის საშუალებას ხალხი მაძლევს. მჯერა, რეგიონში ოქროს ხანა დაიწყება”, – ამბობს იციკ მოშე.

იციკ მოშე კონფლიქტის მიზეზზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ირანისთვის კონფლიქტის მიზეზი ისაა, რომ მათ ისრაელის ამ რეგიონში ყოფნა არ სურთ.

ცნობისთვის, კვირას, 15 ივნისს, ისრაელმა და ირანმა განაგრძეს საჰაერო დარტყმების გაცვლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანი დაბომბეს, რის შემდეგაც ირანის დედაქალაქში ხანძარი გაჩნდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა და 900 დაიჭრა. საპასუხოდ, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ისრაელის ტერიტორია,სადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *