საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის იურიდიულ საფუძვლებს შორის მათი Facebook პოსტებიდან ამონარიდები მიუთითა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა.
“ივანიშვილი–კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონები აამოქმედა, რადგან FACEBOOK-ზე დავპოსტეთ, რომ:
- რუსულ კანონს ევროსასამართლოში ვასაჩივრებთ
- “ქართულმა ოცნებამ” მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული კანონები მიიღო
- მეგობარი ქვეყნები მთავრობის თანხმობის გარეშე ქართველებს ვერ დაეხმარებიან”,- აღნიშნავენ TI-ში.
როგორც 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შემდეგ საპასუხო ბრიფინგი გამართა და ისინი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა. კუპრაშვილის მტკიცებით, ინფორმაცია, რომ ბიურომ ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაცია გამოითხოვა, ტყუილია.