ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის განვითარების ფონდის შესწავლაც დაიწყო

ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის განვითარების ფონდის შესწავლაც დაიწყო
ანტიკორუფციულმა ბიურომ მედიის განვითარების ფონდის შესწავლაც დაიწყო. ამის შესახებ თავად ორგანიზაცია იტყობინება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.

“მედიის განვითარების ფონდს ჩაბარდა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც გვეცნობა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად. მიმდინარე სამართლებრივი დავის, ასევე საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის შესახებ, ჩვენ საზოგადოების ინფორმირებას მუდმივად მოვახდენთ. მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში მხარდაჭერას გვიცხადებს”, – წერია მედიის განვითარების ფონდის განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” – ავტორიტარული კანონების აღსრულება ჩვენს მიმართაც დაიწყო

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი შესწავლა დაიწყო და ამისთვის მათგან ყოვლისმომცველი და კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს, მათ შორის ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებსაც. მათი ინფორმაციით, ორგანიზაციებს ინფორმაციის წარდგენას შემდეგი კანონების საფუძველზე სთხოვენ: “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ ორგანული კანონი და “გრანტების შესახებ” კანონი: “სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების… ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია”.

თავად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით კი, ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მათი ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, არასამთავრობოებმა შესაბამისი დოკუმენტაციის ამსახველი ფოტომასალებიც გაავრცელეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *