ჰიდროს ტარიფები ცალსახად გადასახედია. ყველაზე ცოტა 7-7.2 ცენტი უნდა იყოს – მარგებაძე

ჰიდროს ტარიფები ცალსახად გადასახედია. ყველაზე ცოტა 7-7.2 ცენტი უნდა იყოს – მარგებაძე

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სწორედ დაბალი ტარიფის გამო, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართულებით მზის და ქარის პროექტები დომინირებს, ჰიდროენერგია კი უკანა პლანზეა.

“პირდაპირი მოლაპარაკებების გზით განაცხადები რაც იყო შესული, ძირითადი აქცენტები ქარსა და მზეზე იყო, ყველაზე ცოტა განაცხადი იყო ჰიდროზე. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები არ არიან დაინტერესებული იმდენად, რომ განავითარონ ჰიდროენერგეტიკა. ჰიდროს ნაწილში ტარიფი აუცილებლად გადასახედია. მშენებლობის პერიოდი ყველაზე დიდი აქვს ჰიდრო პროექტებს, გაძვირებულია ყველაფერი, აგრეგატები, რკინის მასალა და ა.შ. ტარიფი ყველაზე ცოტა 7-7.2 ცენტი უნდა იყოს, რომ ჰიდროენერგეტიკა ინვესტორისთვის მიმზიდველი გახდეს”,- ამბობს გიორგი მარგებაძე.

შეგახსენებთ, პირდაპირმა კონტრაქტებმა CFD აუქციონი ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს, მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) – 6,5 ცენტი;
  • ქარის ელექტროსადგურები – 6 ცენტი;
  • მზის ელექტროსადგურები – 5,6 ცენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *