“იდენტიფიცირებულია ორი პრიორიტეტული პროდუქტი: აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი. აღნიშნული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიზნით შევსებული დოკუმენტაცია გაგზავნილია ევროკომისიაში, სადაც მიმდინარეობს განხილვის პროცესი“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილიმა თქვა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2028 წლის ბოლოსთვის ევროკავშირის 200 სამართლებრივ აქტთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესის დასრულებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2014 წლიდან დღემდე, ამ მიმართულებით საკანონმდებლო დაახლოება 146 სამართლებრივ აქტთან უკვე განხორციელდა.

პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მინისტრის პირველმა მოადგილემ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით არსებული მიღწევების გაცნობას დაუთმო.

საუბარი შეეხო სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს, რაც პირდაპირ კავშირშია სასურსათო უსაფრთხოებასა და ევროკავშირის ბაზარზე უწყვეტ დაშვებასთან.

„ევროკავშირის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა – DG-Sante განახორციელა თხილის სექტორის აუდიტი. ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს თხილის სექტორში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები არის დამაკმაყოფილებელი და ვაჭრობაც, შესაბამისად, შეუფერხებლად ხორციელდება. იდენტიფიცირებულია ორი პრიორიტეტული პროდუქტი: აკვაკულტურის პროდუქტები და დედა ფუტკარი. აღნიშნული პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიზნით შევსებული დოკუმენტაცია გაგზავნილია ევროკომისიაში, სადაც მიმდინარეობს განხილვის პროცესი“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მან ასევე გარემოს დაცვის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვის 2025 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, ყურადღება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა, რომლის მიზანსაც მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების (MRV) სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან საკანონმდებლო დაახლოება 21 სამართლებრივ აქტთან უკვე განხორციელდა. 2 სამართლებრივი აქტი კი პარლამენტშია წარდგენილი.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის და ბიომრავალფეროვნების დაცვის; წყლის რესურსების, ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების და დაცული ტერიტორიების მართვის; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირების; ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების; თევზჭერის და საზღვაო მმართველობის, ასევე, კონტროლის, აღსრულების სისტემის და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით არსებული მიღწევების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ გასვლით სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ 2024 წლის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *