როგორც მან ჟურნალისტებს დღევანდელი პროცესის შემდეგ განუცხადა, გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიუღიათ.
“ნებისმიერი საქმის გამოძიება სავალდებულოა, თუკი არსებობს გარკვეული სტანდარტი, შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დეტალური ინფორმაციაა მიწოდებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის და ამასთან ერთად, გიორგი გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს და ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. ჩვენ ჩვენი ძალებით, დამოუკიდებლად, კანონმდებლობის ფარგლებში ვცდილობთ არ განადგურდეს მტკიცებულებები მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდეოჩანაწერები იმ კამერების, რომლებსაც უნდა აღებეჭდათ ყველა ის გარემოება, რაზეც ბაჩიაშვილმა ისაუბრა“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ “ქართუ ბანკის” სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება “მტკვარი ჰესის” საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის “შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს”.