“გვაქვს ფაგების უნიკალური კოლექცია, რომელიც არავის არ აქვს მსოფლიოში… ამას უნდა გამოყენება” – დიმიტრი ტვილდიანი

სამედიცინო ტურიზმი საქართველოსთვის შემოსავლების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ ისევ ვერ გახდა. მაშინ როცა მეზობელი თურქეთი ტურიზმის ამ მიმართულებიდან მილიარდობით შემოსავალს იღებს, საქართველოში ამ მიზნით ჩამოსული ვიზიტების რაოდენობა მცირდება. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს სამედიცინო მიზნით ქვეყანას მხოლოდ 24 600 ადამიანი ესტუმრა, რაც წლიურად 14%-იან კლებას ნიშნავს.

საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელი და კომპლექს “ლიც რეზორტ”-ის მფლობელი დიმიტრი ტვილდიანი გვიხსნის, რომ უპირატესობის მოსაპოვებლად ქვეყანამ აქცენტი ნიშურ მიმართულებებზე უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი ფაგოთერაპიაა, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი აქტივია. მისი შეფასებით, დროა პროცესებში სახელმწიფო ჩაერთოს და სექტორში ჩართულ ბიზნესებს შეღავათები შესთავაზოს.

“ჩვენ უნდა განვავითაროთ ფაგებით თერაპია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს ძალიან ბევრი ბაქტერიული შტამი გახდა ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე და სულ ცოტა ხნის წინ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ანტიბიოტიკების დამხმარედ პრიორიტეტული სამკურნალო მიმართულება იქნება ფაგები. ამის გამო ძალიან ინტენსიურად დაიწყეს ევროპაშიც და ამერიკაშიც ფაგებზე მუშაობა და ჩვენ სულ ცოტა ხანი გვექნება ეს ფანჯარა ღია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი თანხები იდება ამ მიმართულებაში. თეთრი სახლის განცხადების გამო, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტული გახდება ბევრი მეცნიერისთვის და ძალიან ცოტა ხანში დაგვეწევიან და გაგვასწრებენ.

ჩვენ გვაქვს ფაგების უნიკალური კოლექცია, რომელიც მსოფლიოში, ჯერჯერობით, არავის არ აქვს და ამას უნდა გამოყენება. შესაბამისად, აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო სტრუქტურები, უნდა ჩაერთოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, ჯანდაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ალბათ უნდა დავავალოთ ყველა ქვეყნის საელჩოებს, რომ სპეციალური შეკრებები გააკეთონ იმ ექიმებთან, ვისაც ხელეწიფება ასეთი პაციენტების მკურნალობა და მათთან პოპულარიზაცია სჭირდება ფაგებს”, – განაცხადა საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ალიანსის დამფუძნებელმა დიმიტრი ტვილდიანმა.

მისი თქმით, ეს დიდ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას და გაუთქვამს სახელს, რომ საქართველო წამყვანი სამკურნალო მიმართულება პაციენტებისათვის.

“ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის ყველანაირი კურორტული თუ ბალნეოლოგიური მკურნალობის ჩართვაც, რა მიმართულებითაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს საქართველოში. ფაგო თერაპიასთან ერთად, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, რომ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დავიკავოთ მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით”, – დასძინა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *