ბათუმში უკრაინული სახლი გაიხსნა – რას შესთავაზებს სივრცე უკრაინელ ლტოლვილებს?

ბათუმში უკრაინული სახლი გაიხსნა – რას შესთავაზებს სივრცე უკრაინელ ლტოლვილებს?
გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბათუმში სოლიდარობისა და თანადგომის ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს. ბათუმის უკრაინული სახლი 2023 წელს თბილისში გახსნილი ჰაბის წარმატებას ეყრდნობა და მსგავსი მოდელის მიხედვით იმუშავებს.

ბათუმის უკრაინული სახლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „Unite Together“ გაუძღვება, დასავლეთ საქართველოში მოქმედ უკრაინულ ორგანიზაციებსა და ბიზნესებს ხელმისაწვდომ საოფისე და საგამოფენო სივრცესა და სხვადასხვა სახის იურიდიული თუ ჰუმანიტარული სერვისების შესახებ ინფორმაციას შესთავაზებს. გარდა ამისა, უკრაინულ სახლში სოციალური და კულტურული ღონისძიებები და ლტოლვილებისთვის განკუთვნილი შეხვედრები გაიმართება.

ბათუმის უკრაინული სახლის საზეიმო გახსნა 21 ივნისს გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიისა და უკრაინის საელჩოების, დიპლომატიური მისიების, გაეროს განვითარების პროგრამის, „ქეა კავკასიასა“ და უკრაინული სათემოს წარმომადგენლები. მათ უკრაინელ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და უკრაინელ ხელოვანთა წარმოდგენას დაესწრნენ.

ღონისძიების მსვლელობაში, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა დაგლას უებმა და “ქეა კავკასიის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხაჩიძემ უკრაინელ მეწარმეთა ხელშეწყობის ახალი რაუნდის წარმატებული ბიზნეს პროექტები დააჯილდოვეს. ამ დახმარების ფარგლებში, საკონსულტაციო და ფინანსურ მხარდაჭერას 21 მცირე ბიზნესი მიიღებს, რომელთა საქმიანობა მომსახურების სხვადასხვა სფეროს მოიცავს, საოჯახო კაფესა და რეწვის სტუდიიდან, ავტოსერვისსა და ენის სასწავლო ცენტრამდე.

„გერმანია სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რამდენიც საჭირო იქნება. ათასობით ლტოლვილისთვის, უკრაინული სახლი იმედის, ერთიანობისა და პრაქტიკული დახმარების სივრცეა. ის ხელს უწყობს უკრაინელ ლტოლვილთა სიმტკიცეს, ხოლო მეწარმეებს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.

„თბილისიდან ბათუმამდე, უკრაინული სახლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას აწვდის ადამიანებს, რომლებიც ლტოლვილობის გამოწვევებს უმკლავდებიან. გვეამაყება, რომ გერმანიის მთავრობასთან ერთად ვაგრძელებთ საქართველოში მყოფი უკრაინელების ხელშეწყობას“, – აღნიშნა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

2022 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 30,000-მდე უკრაინელმა ლტოლვილმა საქართველოს შეაფარა თავი. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, უკრაინელთა მხარდაჭერის პროგრამები მყისიერად წამოიწყო. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობა „ქეა კავკასიასთან“ და უკრაინულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

2023 წლიდან, თბილისში მოქმედმა უკრაინულმა სახლმა 5,396 ადამიანს გაუწია დახმარება. 31-მა უკრაინელმა მეწარმემ საკონსულტაციო და ფინანსური ხელშეწყობა მიიღო, გამართული ბიზნესის ამოქმედება შეძლო და 110 ადამიანი დაასაქმა, რამაც ლტოლვილი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალი უზრუნველყო.

უკრაინელ ლტოლვილთა ხელშეწყობა ხორციელდება გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასთვის – ფაზა 2“, რომელიც კანონის უზენაესობასა და დაუცველი მოსახლეობის სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგრადობას ემსახურება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *