შეგახსენებთ, რომ ტიხანოვსკის 2021 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მინსკში ვიზიტს უკავშირდება. კელოგი ბელარუსის დედაქალაქს 21 ივნისს ეწვია და ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
კელოგის თანაშემწის, ჯონ კოულის განცხადებით, გათავისუფლებული 14 პატიმარი სწორედ აშშ-ის ადმინისტრაციის ჩართულობის შედეგია:
„პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის შედეგად, დღეს ბელარუსიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს. მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის — ისინი ნამდვილ მეგობრებად და მოკავშირედ რჩებიან“, — განაცხადა მან.
ტიხანოვსკის გათავისუფლების შემდეგ, მისმა მეუღლემ, ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ვილნიუსში ქმართან შეხვედრაა ასახული.
სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის მაისში დააკავეს — საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელშიც კენჭისყრის ნებართვა თავად მას არ მისცეს. ტიხანოვსკი თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, თუმცა მისი დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა, რომელიც მოგვიანებით ოპოზიციური პროტესტების ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა. საბოლოოდ, მას ქვეყნის დატოვება მოუწია. სერგეი ტიხანოვსკის 2021 წელს 18-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯეს.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მინსკსა და დასავლეთს შორის საკომუნიკაციო არხების გახსნის მცდელობას. ოფიციალურ დონეზე შეთანხმების პირობები ამ დროისთვის უცნობია.
„როიტერის“ ვარაუდით, კიტ კელოგი ამ ვიზიტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პოტენციურ შესაძლებლობად მიიჩნევდა.
ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წელია მართავს, თავი გამარჯვებულად ხმების 80%-ით გამოაცხადა. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. აქციებზე ათიათასობით ადამიანი დააკავეს, რამდენიმე დემონსტრანტი კი აქციების დროს დაიღუპა.