რეგიონის ქვეყნები
ომანი – საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის იერიში „აგრესიის უკანონო აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას. უწყების განცხადებით, თავდასხმა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის. ომანი აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში შუამავალი იყო.
კატარი – საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებებმა სახიფათო დაძაბულობა შექმნა, რომელსაც „კატასტროფული შედეგები“ შეიძლება მოჰყვეს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. კატარი წუხილს გამოთქვამს სტატუს-კვოს გაუარესებაზე და ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისა და დიალოგის დაუყოვნებლივი განახლებისკენ მოუწოდებს.
ერაყი – ბაღდადმა დაგმო აშშ-ის შეტევები და გამოთქვა ღრმა შეშფოთება. მთავრობის შეფასებით, ბირთვულ ობიექტებზე იერიში საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
საუდის არაბეთი – რიადმა აშშ-ის ქმედებები ირანის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ გმობს ასეთი სახის თავდასხმებს.
სხვა გამოხმაურებები
გაერთიანებული სამეფო – პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა X-ზე დაწერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება. მისი თქმით, აშშ-მ იმოქმედა, რათა შეამსუბუქოს ეს საფრთხე და მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დაცვაა. სტარმერი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
ევროკომისია – პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა დიპლომატიური გადაწყვეტის დროა და ირანმა უნდა აჩვენოს, რომ პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს. მისი თქმით, დიალოგი კრიზისის დასრულების ერთადერთი გზაა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი – კაია კალასმა აღნიშნა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ის ყველა მხარეს უკან დახევისკენ და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის იერიშებს ორშაბათს განიხილავენ.
თურქეთი – საგარეო უწყების თანახმად, თურქეთი ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შესაძლო შედეგებით. “მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი მზადაა, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 21 ივნისს ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე — ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანზე — ავიაიერიშები განახორციელა. თავდასხმები განხორციელდა B-2 ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57 ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის ქმედებები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის თავდაცვის კანონიერ უფლებაზე დაფუძნებულ საპასუხო ნაბიჯს გამოიწვევს. ის ასევე აანონსებს, რომ ორშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.