Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად უკვე გაიხსნა. იტალიურ ბრენდს საქართველოში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს.
როგორ იღებს Lamborghini გადაწყვეტილებებს, შევიდეს ახალ რეგიონში და როგორია გზავნილები საქართველოში შოურუმის გახსნისას, ამ და სხვა საკითხებზე “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა ისაუბრა, რომელიც საქართველოს შოურუმის გახსნაზე დასასწრებად სტუმრობდა.
– კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოში, დიდი პატივია. საქართველოშიც შეიძლება მოულოდნელი მოხდეს, მაგრამ უკვე მოხდა კიდეც – Lamborghini უკვე აქაა. თქვენი პრეზენტაციის დროს ახსენეთ, რომ ეს არის Lamborghini-ის 186-ე სადილერო წარმომადგენლობა მსოფლიოში. გვაინტერესებს, როგორ აფასებს კომპანია ბაზრების პოტენციალს ახალი რეგიონების შერჩევისას?
– დიდი მადლობა, ჩემთვის სიამოვნებაა აქ ყოფნა. მსოფლიო ავტომობილების ბაზარი დაახლოებით 80 მილიონ ავტომობილს ითვლის ყოველწლიურად, საიდანაც სუპერსპორტული, მდიდრული ავტომობილების სეგმენტი დაახლოებით 120-130 ათას მანქანას მოიცავს. ჩვენი წარმატებისათვის აუცილებელია გლობალური ყოფნა, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება საკმარისი არ არის. ჩვენ ვყიდით ძალიან ცოტა ავტომობილს მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ბაზარზე ორიენტირება.
– ანუ მდიდრული ავტომობილების ბაზარზე წარმატების მიღწევის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი გლობალური სტრატეგიის არსებობაა?
– დიახ. მართალია, რადგან ჩვენ ძალიან ცოტა რაოდენობით ავტომობილს ვყიდით. მართალია, იტალიურობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, მაგრამ Lamborghini-ის ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყვართ. ყველა მდიდრული ბაზრის ერთობლიობა ქმნის საკმარის ბაზარს იმისათვის, რომ ჩვენი წარმატება გაგრძელდეს. ამიტომაც, თუ გვსურს წარმატება, გლობალურად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. ამ ბაზრებს შორის ყველაზე დიდია რა თქმა უნდა აშშ, ევროპული ქვეყნები, ასევე აზიაში – იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვაკვირდებით განვითარებად ბაზრებს, მათ პოტენციალს, და როდესაც გარკვეულ ზღვარს ვხედავთ, ვიწყებთ პარტნიორების ძიებას. საქართველო სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
– მიუხედავად კოვიდის პერიოდისა, თქვენი ხელმძღვანელობით კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 10 ათასი ავტომობილი გაყიდა. რა კონკრეტული ქმედებები განაპირობებს ასეთ ზრდას?
– რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში, Lamborghini-ის ბრენდი ძალიან მძლავრია, პროდუქცია განახლებულია და უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ამასთანავე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ულტრა შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა იზრდება, რაც დამატებით ზრდის მოთხოვნას. ჩვენ კი ყოველთვის ვაწვდით ბაზარს იმაზე ნაკლებ ავტომობილს, ვიდრე მოთხოვნაა, რაც მომავალშიც მაღალ მოთხოვნას და წარმატებას განაპირობებს.
– გეგმავთ თუ არა ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი განსაკუთრებული მოდელების წარმოებას?:
– არა, ჩვენ ვაწარმოებთ მხოლოდ იტალიაში შექმნილ მოდელებს, რომლებიც გლობალურია და ყველასათვის ერთნაირად მიმზიდველია. თუმცა, ადგილობრივ დონეზე აქტიურად ვმართავთ ღონისძიებებს, მართვის გამოცდილების გასაზიარებლად და ამით საინტერესო მესიჯს ვუგზავნით ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით.
– როგორ ახერხებთ Lamborghini-ის იდენტობის შენარჩუნებას თანამედროვე გამოწვევების, მაგალითად ეკოლოგიური სტანდარტებისა და ESG-მიზნების ფონზე?
– ჩვენი მიზანია ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ და განსაკუთრებული ადგილი დავიკავოთ. Lamobrghini-ის დიზაინი, ხარისხი, შესრულება – ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. გარდა ამისა, 2015 წლიდან ჩვენ სანტ’აგატა ბოლონეზეში ნახშირბად-ნეიტრალური საწარმო გვაქვს. ვზრდით საწარმოს ზომას, თანამშრომელთა რაოდენობას და ავტომობილების წარმოებას ისე, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გენდერულ თანასწორობაზე – კომპანიაში უკვე გვყავს მენეჯერების 20%, რომლებიც ქალები არიან, რაც ამ ინდუსტრიაში დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ინჟინრების უმეტესობას ისევ კაცები წარმოადგენენ. თუმცა, დროსთან ერთად, სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება ავტოინჟინერიით, რაც ჩვენს კომპანიაში მათი რაოდენობის ზრდას გამოიწვევს.
– ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის პირადად, როგორც CEO-სთვის, საქართველოში Lamborghini-ის წარმომადგენლობის გახსნა?
– ეს ჩემთვის შესანიშნავი საშუალებაა პირადად შევხვდე პარტნიორებს, გავეცნო დილერის საქმიანობას, გავესაუბრო მედიას, და რაც მთავარია, შევხვდე არსებულ და მომავალ კლიენტებს. მოკლე დროში ადგილზე ვეცნობი ადგილობრივ სიტუაციას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ, რადგან ამ ერთი სადილეროს გახსნა, რეალურად, მთელ ამ ბაზარზე Lamborghini-ის წარმომადგენლობის გაჩენას გულისხმობს.
– საბოლოოდ, საქართველოში Lamborghini-ის გამოჩენა ნიშნავს თუ არა მოულოდნელის მოლოდინს?
– ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის: მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებლებს სიახლეები, მოვახდინოთ მათი მოლოდინების გადაჭარბება და მუდმივად ვაკეთოთ ის, რაც მოულოდნელია.