აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია. რა ვიცით სამ ბირთვულ ობიექტზე, რომელზეც დღეს ამერიკამ იერიში მიიტანა. მასალას СNN-ი აქვეყნებს. მონაცემები ცხადია ასახავს მდგომარეობას 21 ივნისამდე, ანუ იქამდე, სანამ მათ აშშ გაანადგურებდა.
ნათანზი
ნათანზის კომპლექსი თეირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 250 კმ-ში მდებარეობს და ურანის გამდიდრების ყველაზე მსხვილი ობიექტია.
Nuclear Threat Initiative-ის (NTI) ცნობით, ობიექტს ექვსი მიწისზედა და სამი მიწისქვეშა ნაგებობა აქვს. მიწისქვეშა სექციები 50 000 ცენტრიფუგის დატევას ახერხებს.
CNN-ი წერს, რომ დარტყმამდე ნათანზიში ურანი 60%-მდე მდიდრდებოდა, რაც ატომური იარაღის წარმოებისთვის საჭირო ზღვართან მიახლოებულ დონედ ითვლება (იარაღისთვის საჭიროა 90%).
გამოცემების მიხედვით, მიმდინარე იერიშისას განადგურდა მიწისზედა ნაწილი და გაითიშა ელექტროენერგია სიღრმისეულ სექციებში, სადაც ცენტრიფუგებია განთავსებული.
ფორდო
ფორდოს ბირთვული ობიექტი მდებარეობს ქალაქ ყუმთან ახლოს, მთიან ადგილას და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საიდუმლო ობიექტად ითვლებოდა.
ის იმდენად ღრმადაა მიწაში (დაახლოებით 80-90 მ. სიღრმეზე), რომ მხოლოდ აშშ-ს აქვს მასზე ზემოქმედების უნარი სპეციალური ბომბებით.
მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის ინფორმაციით, ფორდოში ირანი 60%-ით გამდიდრებული ურანის საკმარის მარაგს ფლობს, რათა რამდენიმე ბირთვული ქობინი დაამზადოს. AEA-ის ბოლო ცნობით, ამ დროისთვის ობიექტში 2700 ცენტრიფუგაა მოქმედი.
ისპაჰანი
ისპაჰანი ცენტრალურ ირანში მდებარეობს და ქვეყნის უმსხვილეს ბირთვულ კვლევით ცენტრს წარმოადგენს.
1984 წელს, ჩინეთის დახმარებით აშენებულ კომპლექსში NTI-ის მონაცემებით 3000-მდე მეცნიერი მუშაობს.
ისპაჰანი ასევე მოიცავს საწვავის საწარმოო ობიექტებს, რეაქტორებსა და ლაბორატორიებს. აქ მიმდინარეობს ბირთვული საწვავის კონვერტაცია და სხვა ტექნოლოგიური პროცესები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაში კრიტიკულ როლს ასრულებს.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი ავიაიერიშები იმ ფონზე განხორციელდა, როცა ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე დიპლომატიური მცდელობები წარუმატებლად დასრულდა.