დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველო დღის წესრიგში შემავალი ერთ-ერთი თემაა.

23 ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, საბჭო განიხილავს მიმდინარე საკითხებს, ძირითადი აქცენტით საქართველოზე.

შეხვედრა ბრიუსელში, თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და მას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით სამ კონკრეტულ პრობლემას განიხილავენ.

“ზუსტად არ ვიცი, რაზე ისაუბრებენ [მინისტრები], თუმცა ელჩების დონეზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემიძლია გითხრათ, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები, ალბათ, სამ ძირითად პრობლემაზე ისაუბრებენ.

პირველი – ეს არის ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უზარმაზარი დეზინფორმაციის კამპანია და ევროკავშირის დემორალიზაციის მცდელობა ქვეყნის უმაღლესი მაღალჩინოსნების მიერ;

მეორე საკითხი, რაზეც ისაუბრებენ, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობა იქნება;

ხოლო მესამე, რასაც განიხილავენ, ის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიაა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში სარგებლობენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სერიოზული უკუსვლის ფონზე – ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ორშაბათს და ეს კითხვები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დავუსვათ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *