გასული მაისი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იყო – ევროპაში გვალვას პროგნოზირებენ

გასული მაისი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იყო – ევროპაში გვალვას პროგნოზირებენ
ევროკავშირის კლიმატის სერვისის, Copernicus-ის თანახმად 2024 წლის მაისის შემდეგ, გასული მაისი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო, რაც ყველაზე მწვავედ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაზე აისახა. სააგენტოს ინფორმაციით, გასულ თვეს ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 15.79ºC შეადგინა, რაც 0.53ºC-ით აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

ამასთან, მაისის გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.4ºC-ით აღემატებოდა 1850-1900 წლების მაჩვენებელს – ეს პრეინდუსტრიული პერიოდია, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა პარიზის შეთანხმებით გლობალური დათბობის 1.5ºC-იანი ლიმიტი შეიმუშავეს – 2025 წლის მაისი ზედიზედ 21 თვის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რომელსაც ეს ლიმიტი არ დაურღვევია. მიუხედავად ამისა, პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული 1.5ºC-იანი ლიმიტის დაცვა ათწლეულების განმავლობაში იზომება და მხოლოდ ერთი თვის მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ქვეყნებმა აღებული ვალდებულება სრულყოფილად შეასრულეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეებში ეს ლიმიტი კვლავ დაირღვევა, რაც კლიმატის სისტემების განგრძობითი დათბობით აიხსნება.

მაღალ ტემპერატურასთან ერთად, პლანეტის მასშტაბით ამინდის მშრალი პირობებიც შენარჩუნდა. ევროპაში, შეუსაბამოდ უნალექო სეზონი იყო ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპასა და რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის სამხრეთ რეგიონებში. პარალელურად, უჩვეულოდ წვიმიანი მაისი იყო რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ევროპის ზოგიერთ ნაწილში 1979 წლის შემდეგ ნიადაგის ტენიანობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა, 1992 წლის მაისის შემდეგ კი რეკორდულად შემცირდა მდინარეებში წყლის დონე.

გვალვის ევროპული ობსერვატორიის ინფორმაციით, კონტინენტის ნახევარზე 11-დან 20 მაისის ჩათვლით გვალვის გარკვეული ფორმა დაფიქსირდა – რაც მონიტორინგის დაწყებიდან, ანუ 2012 წლიდან, ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

უჩვეულოდ ცხელი და მშრალი კლიმატის გავლენაზე ფერმერები უკვე საუბრობენ. მათი თქმით, გვიანდება ხორბლისა და სიმინდის მოსავლის აღება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *