როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია კარგავს მიუკერძოებლობის შინაარსს, რასაკვირველია, იქ ჩანს პოლიტიკური ინტერესები. აღქმები კი, მათ მიმართ, არის როგორც ობიექტური მსაჯულის მიმართ, რაც ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი [არასამთავრობო] სექტორის ძალიან დიდ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ არის სიმართლე, – განაცხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით ბაქრაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ბაქრაძის თქმით, აშშ-ში ელჩობის პერიოდში, არაერთი ნეგატიური მაგალითი ახსენდება, როდესაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩადიოდა და საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებდა, შემდეგ კი მას, როგორც ელჩს, უწევდა დისკუსიაში ჩართვა და გავლენიანი ქართული არასამთავრობოების ნარატივის გაქარწყლება.
„არაერთი [ნეგატიური] მაგალითი იყო, ერთი პირდაპირ ვახსენე, რომ ლობისტურ კონტრაქტს აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ მაგივრად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. არაერთი შემთხვევა იყო, სადაც დისკუსიის დროს, სამი-ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის ვიზიტის დროს, მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვების დროს მეც მქონოდა ადგილი, რომ რასაც ისინი ისაუბრებდნენ, მე მერე ამეღო სიტყვა და ეს ყველაფერი გამექარწყლებინა. ამის არაერთი შემთხვევა მქონია, ამაზე შეიძლებოდა ძალიან ბევრი ენერგია და რესურსი წასულიყო.
ეს იყო ძირითადად ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ. ეს იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ „ISFED” – ეს ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა შემადგენლობით ჩამოდიოდნენ და თავიანთი დღის წესრიგი ჰქონდათ, იყო დისკუსიები და სადაც შესაძლებლობა გვქონდა, იმ ურთიერთობების გათვალისწინებით, რაც გვქონდა იმ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან ან სხვა უნივერსიტეტებთან, სადაც ეს განხილვა მიმდინარეობდა, ერთი ადგილი მეც მქონდა გამოყოფილი, რომ მერე ამ ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიციები გამეჟღერებინა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.