“ქართული ოცნების” ახალი კანონპროექტით მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება

აქტივისტები და ჟურნალისტები, ვინც Facebook პოსტების გამო დააჯარიმეს – სია
“ქართული ოცნების” პარლამენტს „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეაქვს, რომლის შედეგად, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება.

კანონპროექტს „ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან 2025 წლის საგაზაფხულო სესია 27 ივნისს მთავრდება. შესაბამისად, მომავალი კვირიდან, სასამართლოს შენობასა და დარბაზში, ასევე ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელი იქნება – ამის უფლება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.

კერძოდ, „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, კანონის 131 მუხლის [სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება] მეორე პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერუფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, მოქმედი კანონიდან ამოიღებენ 131 მუხლის [სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება] მე-3 პუნქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.

ასევე, აუქმებენ ამავე მუხლის მე-7 პუნქტს, რომლითაც დღეს, „ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა“.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ამ შეზღუდვების მიზეზი კონკრეტულად არაა განმარტებული.

„იმისათვის რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება და ხელი არ შეეშალოს სასამარლთლო სხდომების მიმდინარეობას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს სხდომების ღიაობა, მიზანშეწონილია, 131 მუხლში განხორციელდეს ცვლილება“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები არიან „ქართული ოცნების“ შემდეგი დეპუტატები: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *