„კანონი, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ბანკის ჩართულობითა და ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შევიმუშავეთ, კარგად მუშაობს. მოსახლეობის ნდობამ მოლოდინს გადააჭარბა — საპენსიო სქემაში ბევრად მეტი დარჩა, ვიდრე ველოდით. ხალხმა დაიჯერა სისტემის საიმედოობა და შენატანები გაიზარდა“, — აღნიშნა კვიჟინაძემ.
სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ სააგენტოს საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის შედეგები წარადგინა.
მისი ინფორმაციით, 2024 წელი სააგენტოს სამივე საინვესტიციო პორტფელისთვის მოგებიანი აღმოჩნდა:
დინამიკურმა პორტფელმა 13.6%-იანი ამონაგები აჩვენა, დაბალანსებული პორტფელი 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიულ პორტფელს კი, სადაც გლობალური აქციების წილი ნაკლებია, 11.6%-იანი მოგება ჰქონდა.
ჭიჭინაძის განცხადებით, გასულ წელს სააგენტო ინტეგრირდა მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რაც სტრატეგიული აქტივების უკეთესი მართვის საფუძველი გახდა. მან ასევე გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში განხორციელებული ინვესტიციები, როგორც მნიშვნელოვნად წარმატებული ნაბიჯი.
საანგარიშო პერიოდში საპენსიო გაცემამ 8 363 ბენეფიციარზე 40 მილიონ ლარს მიაღწია.
გიორგი ჭიჭინაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე — 2025 წლის 1 მაისიდან სააგენტოს სახელწოდება შეიცვალა და მას სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდა.
“ოცნების” პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.