საქართველოს სახალხო დამცველმა 2024 წლის, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის, შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში საუბარია, 2024 წლის საპროტესტო აქციებზე უფლებადარღვევის შესახებ. როგორც ანგარიშში წერია, “მძიმე უფლებადარღვევათა წყობა, ძირითადად, 2024 წლის აპრილი-მაისის საპროტესტო აქციებზე დაიწყო”.

სახალხო დამცველის ანგარიშში შემდეგ მიგნებებზეა საუბარი:

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების დევნა და ძალადობრივი შეუწყნარებლობა:

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა ცემისა და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა უცნობი პირების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, საჯარო ფიგურების დევნასა და მათზე ძალადობას, ორგანიზებული სატელეფონო მუქარებს და სხვადასხვა სახით გამოხატულ ძალადობრივ შეუწყნარებლობას.

2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა.

გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ზამთრის საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.

გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების ამოსაცნობი ნიშნებით აღუჭურველობამ), ზამთრის საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციებზე არასათანადო მოპყრობის ჩადენისათვის დღემდე არცერთი სამართალდამცავი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივი ქმედებების გამო, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრებების დაშლის აუცილებლობა არ ყოფილა:

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ პროცესში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მანიფესტანტთა მცირე ნაწილის ძალადობრივ ქმედებებზე ინდივიდუალური რეაგირების ნაცვლად, სამართალდამცავების მიერ მთლიანი შეკრებების დაშლაზე მიღებული გადაწყვეტილებები იყო, როდესაც ამის აუცილებლობა არ ყოფილა. მსგავს შემთხვევებში, საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების ფორმალური საფუძვლის არსებობის მიუხედავად, უფლება არაპროპორციულად იზღუდებოდა. ამავე დროს, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ შეკრების შეწყვეტის და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებები საპოლიციო მართვის ფარგლებში მიიღება, რომელთა მართლზომიერებას – როგორც მმართველობით გადაწყვეტილებას – სახალხო დამცველი აფასებს დამოუკიდებლად იმისგან, სახეზეა თუ არა ამგვარი ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა.

სერიოზულ გამოწვევად დარჩა შეკრების მონაწილეთა დაკავების მავნე პრაქტიკა:

ხარვეზიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რომელიც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში თვითნებურ ჩარევას იწვევს, კვლავ სერიოზულ გამოწვევად დარჩა შეკრების მონაწილეთა დაკავების მავნე პრაქტიკა. გარდა ამისა, შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა 2024 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმაც. 2024 წელს, ქვეყანაში პირველად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, ასევე, მასშტაბურად დაინერგა საარჩევნო უბნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები. საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის. ამდენად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ განსაკუთრებით მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა:

2024 წელს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა მზღუდავმა საკანონმდებლო ცვლილებებმა. ასევე პრობლემური იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა.

2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ისე მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. ამ ნაწილში ასევე საგულისხმოა, რომ ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას.

დამატებით, ევროკომისიის შეფასებით, მედიის თავისუფლებას, პლურალიზმს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა მაღალი თანამდებობის პირებისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან წარმოებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ. ამავე დროს, ევროკომისიამ ქართული მედიისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად პოლარიზაცია დაასახელა. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის რეგულირება, რაც ნაწილობრივ პრობლემურად მიიჩნია სახალხო დამცველმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *