ცვლილებების მიხედვით, ცვლილება შევა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, 2016 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად. შედეგად, აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.
კერძოდ, საუბარია ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, როგორიცაა ცესკოს წევრების, საპროკურორო საბჭოს წევრების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრების, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევაზე.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, „დღეს არსებულმა რეალობამ ცხადყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობის სავალდებულოობა ვერ ასრულებს იმ რეალურ მიზანს, რასაც ემსახურებოდა კანონმდებლის ნება.“
კანონპროექტის ინიციატორები არიან „ოცნების“ დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.