“ძალიან შთამბეჭდავია საკუთარი თვალით იმ შედეგების ნახვა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერამ მოუტანა საქართველოს რეგიონებს. ახალციხეში შევხვდით ხანდაზმულ მოქალაქეებს. ევროკავშირის დახმარებით მოეწყო სივრცე, სადაც მათ შეუძლიათ შეხვდნენ ერთმანეთს და ისწავლონ. შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ რომ მეტი იცოდნენ ევროკავშირის შესახებ. შევხვდით მცირე მეწარმეებს, რომლებმაც მიიღეს ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე შევხვდით სხვადასხვა ეროვნული და ეთნიკური უმრავლესობების წარმომადგენლებს. ისინიც იღებენ სარგებელს ევროკავშირის მხარდაჭერისგან, რომელიც ათწლეულებია გრძელდება. აღფრთოვანებული ვარ, რომ ევროკავშირი დაეხმარა ამდენ განსხვავებულ ადამიანს ბიზნესის დაწყებაში, სწავლაში და იმაში რომ საქართველოს რეგიონები, ახალციხე გახდეს უკეთესი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონების განვითარებას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას საქართველოს ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი არ არის შორეული პარტნიორი.
ცნობისთვის, ელჩის ვიზიტის პირველ დღეს, ევროკავშირის ელჩი ხანდაზმულთა დღის ცენტრს ეწვია. ასეთი ცენტრი სამცხე-ჯავახეთში პირველია, ის ევროკავშირის მიერ არის თანადაფინანსებული. ასევე შეხვდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მონაწილეობა მიიღო ახალციხის ახალი „თანასწორობის კუთხის“ გახსნაში; ეს არის ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და ხელმძღვანელობს გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო (UNFPA) ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ვიზიტის არსებითი ნაწილი იყო ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტის გახსნა, რომელიც დემოკრატ მესხთა კავშირმა საქართველოსთვის REACT პროგრამის ფარგლებში დააარსა. საინფორმაციო პუნქტი იქნება სამოქალაქო ჰაბი, რომელიც ადგილობრივ თემს ინფორმაციით, ტრენინგებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. ვიზიტი დასრულდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო თამაშის „წიგნების თაროს“ ინტერაქტიური სესიით, რომელიც ახალგაზრდებს ევროპას, მის ისტორიასა და კულტურას აცნობს.