რამდენიმე თვეში ბიზნესს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო მანქანა/დანადგარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი რეგლამენტი მოამზადა, რომელიც ეხება თითქმის ყველა სექტორს, რომელიც სამუშაო სივრცეში სხვადასხვა მოწყობილობას იყენებს, მათ შორის საუბარია ისეთ სპეციფიკურ სამუშაო მოწყობილობებზე, როგორიცაა დამტვირთველი, ტვირთამწე, ადამიანთა აწევისა და სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო მოწყობილობები და ა.შ
დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რეგულაცია დამსაქმებელს დასაქმებულის უსაფრთხო სამუშაო მოწყობილობებით უზრუნველყოფას ავალდებულებს. გარდა ამისა, აღნიშნული რეგლამენტით დამსაქმებელი ვალდებულია, გარკვეული პერიოდულობით ახდენდეს სამუშაო მოწყობილობების შემოწმებას, რაც დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს.
„ქართული ბიზნესისთვის მეტ ნაკლებად ეს სიახლე იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური რეგლამენტი ეხება მანქანა-დანადგარებს, ასევე ისეთი ტიპის დანადგარებს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მაგალითად ადამიანის აწევისთვის სიმაღლეზე, ჰიდრავლიკური მოწყობილობები, სხვადასხვა ამწე კალათები გამოიყენება ამისთვის, თუმცა ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება სრულად ყველა სახის საშუალო და დიდი ზომის დანადგარებზე და ასევე სტაციონარულ დანადგარებზე. ახალი დანადგარის შეძენის შემთხვევაში უნდა მოხდეს სრული შეფასება სახიფათო ფაქტორებიდან გამომდინარე. შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა მიმართულების რისკი, რამაც სამუშაო სივრცეში დასაქმებულ პირს ან სხვა პირს შეიძლება შეუქმნას კონკრეტული სახის საფრთხეები. ამიტომ დეტალური შეფასება მოეთხოვება ბიზნესს. ასევე როცა ხდება დანადგარის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, იქაც აუცილებელი იქნება ამ ტიპის რისკების შეფასება.
რეგლამენტი ეხება ნებისმიერი სახის ბიზნესს, რომელსაც გააჩნია საშუალო ზომის, თუ სტაციონარული დანადგარი, შეიძლება არ შეეხოს ერთადერთი მათ, ვინც საოფისე საქმიანობით არის დაკავებული“,-აცხადებს გიორგი დონდუა, დამსაქმებელთა ასოციაციის გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი.
სპეციალისტების განმარტებით, რეგლამენტი დამსაქმებლისთვის სხვადასხვა მანქანა/დანადგარების ქარხნულობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის ვალდებულებას აჩენს, სადაც ტექნიკური პარამეტრები და უსაფრთხოების ტექნიკებია გაწერილი. ამასთან, აღნიშნული ე.წ მანუალი ქართულად უნდა იყოს ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიულად. SafCo-ს თანადამფუძნებლის დავით თხელიძის თქმით, კომპლექსური დანადგარების შემთხვევაში დიდი მოცულობის დოკუმენტაციიის თარგმნა შეიძლება პრობლემა იყოს, თუმცა უფრო მეტად გამოწვევა იმ ბიზნესებს ექნებათ, რომლებიც დღემდე მოძველებულ ტექნიკას იყენებენ და მათი მწარმოებელი ქარხნის გაცემული დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.
სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ რეგლამენტის არსებული პროექტის მიხედვით, ცვლილებების ნაწილი მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, ნაწილი კი 2026 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. შრომის ინსპექცია ჩვენთან დამატებით განმარტებებს ამ ეტაპზე არ აკეთებს, შეხვედრებიც ბიზნესთან მხოლოდ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.