რა გამოწვევებია რძის პროდუქტების ბაზარზე? – საწარმო „მარიტა“

რა გამოწვევებია რძის პროდუქტების ბაზარზე? – საწარმო „მარიტა“

საოჯახო რძის პროდუქტების საწარმოს „მარიტა“ დამფუძნებელი, ქეთი ბოლქვაძე, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ რძის პროდუქტების ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მეწარმე აღნიშნავს, რომ მათი პროდუქცია მუდმივად გადის სურსათის უვნებლობის შემოწმებას, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით მაღალ საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. შავი ბაზარი, სადაც კონტროლი არ მიმდინარეობს.

„საკუთარი თვალით მინახავს, თუ როგორ ხდება ე.წ. შავ ბაზარზე ეტიკეტის გაყიდვა, რისი გაკონტროლებაც აუცილებელია“, – აცხადებს ბოლქვაძე. მისივე თქმით, ეტიკეტირების რეგულაციებსა და მონიტორინგზე მან სპეციალურად განცხადებაც კი დაწერა, თუმცა უწყებიდან განუცხადეს, რომ საკმარისი კადრის არ არსებობის გამო, შესაბამისი ორგანოები მთელი თბილისის მასშტაბით მონიტორინგს ვერ ახდენს.

„მითხრეს, რომ არ ჰყავთ კადრები, რომლითაც მთელი თბილისის მასშტაბით მონიტორინგს გაატარებენ და პრობლემას აღმოფხვრიან. თუმცა, კონტროლს ეტაპობრივად მაინც ახორციელებენ “, – ამბობს მეწარმე.

ბოლქვაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ნედლი რძის დეფიციტზე, რომელიც მწარმოებლებზე უარყოფით გავლენას ახდენს. როგორც ის აღნიშნავს, რძის დაბალი ფასი მეწარმეებს აღარ აძლევს საშუალებას, რომ ფერმერული მეურნეობა აწარმოონ. ამიტომ, სოფლები იცლება და ყოველწლიურად ნედლი რძის მოცულობები კლებულობს.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა 26 ათასით, ანუ 3%-ით შემცირდა და 811 ათასი შეადგინა. ამასთან, უფრო მეტად 5%-ით შემცირდა ფურების რაოდენობა და ის 399 ათასი იყო.

პირუტყვის სულადობა შემცირდა – რძის პროდუქტების იმპორტი კი $131 მილიონამდე გაიზარდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *